მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმებას. როგორც უკრაინული მედია წერს, შესაბამისი ინფორმაცია უმაღლესი რადას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ნაბიჯი ნიშნავს, შეთანხმების რატიფიცირების ფორმალური პროცედურის დასრულებას.

უმაღლესმა რადამ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს მოახდინა.
“ეს დოკუმენტი გახსნის გზას იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს, კერძოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, მრეწველობაში და დაზიანებული რეგიონის აღდგენაზე. შეთანხმების რატიფიცირება შესაძლებლობას მოგვცემს ფონდმა სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა”, – წერია რადას ინფორმაციაში.

კანონის რატიფიცირების შედეგად ამერიკა-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდიც იმქნება.

უკრაინის პრემიერმინისტრს დენის შმიჰალს გამოქვეყნებული აქვს შეთანხმების მთავარი პუნქტები, რომელთა თანახმადაც:

უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;

უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;

უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;

აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;

ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;

შეთნხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.
შეგახსენებთ აშშ-მა და უკრაინამ სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვებისა და უკრაინის აღსადგენად საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად შეთანხმებას 30 აპრილს მოაწერეს ხელი. ფონდის საშუალებით მოხდება თანხების მობილიზება ათვისებული ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და უკრაინის სხვა აქტივების გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან. ამასთან, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ უზრუნველყოფს, ჩაითვლება ფონდში ინვესტიციად.

უკრაინის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო, რომელმაც გააფორმა შეთანხმება ვაშინგტონში, აცხადებდა, რომ უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდი შეთანხმების რატიფიცირებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოქმედდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button