მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარლამენტს მიმართა საომარი მდგომარეობის გასაგრძელებლად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს, ვერხოვნა რადას მიმართა საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გასაგრძელებლად. ამჟამად მოქმედი ვადა 9 მაისს იწურება.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს იქნება საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გაგრძელების შესახებ უმაღლეს რადაში გამართული მე-15 კენჭისყრა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.

შესაბამისი კანონპროექტები უკრაინის პარლამენტის საიტზე დღეს, 15 აპრილს გამოქვეყნდა.
15 იანვარს უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის 9 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები მიიღო

როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, პარლამენტი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მეთხუთმეტედ უყრის კენჭს საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
უკრაინას, რომელიც თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.

მსგავსი პოსტები

Back to top button