მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება პროვოკაციად შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მორიგ პროვოკაციას უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას.

ზურაბიშვილის აზრით, მოსკოვის ნაბიჯი, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ფრენების აკრძალვა, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურებოდეს.

ბრიფინგზე პრეზიდენტმა ხელისუფლებასაც მიმართა და თქვა, რომ რუსეთი დათმობებს დათმობებით არასდროს პასუხობს.

“დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს პროვოკაცია, შესაძლებელია ეს ერთი მხრივ, იყოს გადაფარვა ბახმუტში თავიანთი კრახის, სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლებელია ეს იყოს პასუხი ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ სანქციების მე-11 პაკეტზე. ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ რაც ჩვენთვის მთავარია, ეს არის პროვოკაცია ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში პარტიებს შორის, თორემ მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ როცა რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, ის ამ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა გასულ ისტორიაზე და ყველა იმ მაგალითზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს. პასუხობს იმით, რაც უფრო გაურთულებს თავის მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება”, – თქვა ზურაბიშვილმა.

Another Russian provocation! Resuming direct flights and lifting visa ban with Georgia is unacceptable as long as Russia continues its agression on Ukraine and occupies our territory!

— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 10, 2023
ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ამ საკითხზე გააკეთა განცხადება.

დღეს, 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button