მნიშვნელოვანისაქართველო

ნინო ლომჯარია ISFED ის შედეგებს ეხმაურება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “სამართალიანი არჩევნების” პარალელურად დათვლის შედეგებს ეხმაურება და ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს.

“მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების:

1. ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ;

2. არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო.

3. სადამკვივრებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. ისფედი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრიუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა;

4. კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები ამომწურავ პასუხებს გასცემენ.

5. და ბოლოს, მინდა მივმართო იფედის წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები.

თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშნელოვან როლს ასრულებთ. მინდა იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება!”- წერს ლომჯარია.

ISFED-ის ანგარიშსს გამოუხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანიც.

მან დაწერა, რომ „შეცდომის“ აღიარება საკმარისი არაა და ორგანიზაციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

წულუკიანის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ შეცდომამ გამოიწვია „საძაგელი და უზრდელი“ თავდასხმები ცესკოზე და ხელი შეუწყო „სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს“.

„მოიხადეთ ბოდიში “ხარვეზისათვის” (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“ – წერს თეა წულუკიანი.

“სამართალიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე, ფეისბუქზე წერს, რომ მის ორგანიზაციას 2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე გამოწვევა არ ჰქონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button