პროკურატურა ძველი საქმეების გადახედვას იწყებს

პროკურატურამ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო.
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამი მსჯავრდებულის იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. საქმეების გადასინჯვამდე ჩატარდა ხელახალი გამოძიება.
მისი განმარტებით, ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე.
კაციტაძის თქმით, სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა სამი მსჯავრდებულის: იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
“ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყების ინფომრაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქეები იოსებ ჯანდიერი, თემურ სალაყაია და ანდრო ჩხიკვიშვილი გასამართლებულ იქნენ და იხდიდნენ სასჯელს წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
პროკურატურის ცნობით, მოქალაქე იოსებ ჯანდიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ მან დემონსტრაციულად დატოვა პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები.
მეორე მოქალაქე, რომლის განაჩენიც გადაისინჯება, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაიაა, რომელიც უწყების მტკიცებით, მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მის მიმართ ჰქონდათ ეჭვი პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებასთან კავშირის თაობაზე. დაკავებას კაციტაძის თქმით, საფუძვლად ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა დაედო. პროკურორის განცხადებით, სალაყაიას სთხოვდნენ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის აღიარებას, რასაც დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა.
მესამე დაზარალებული ანდრო ჩხიკვიშვილია, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 5 წელი მოიხადა საპატიმროში.
სამივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს”, _განაცხადა კოკა კაციტაძემ.