პროკურატურამ ელისაშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციამ ალეკო ელისაშვილს დაუდასტურა, რომ მთავარმა პროკურატურამ მისი, როგორც არჩევნებში მონაწილე სუბიექტის, რეგისტრაციის ინფორმაცია ცესკოდან გაითხოვა.
საგამოძიებო უწყების მიერ ცესკოსთვის გაგზავნილი მოთხოვნის დეტალური შინაარსი უცნობია. ამის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციიდან მიღებული პასუხის შემდეგ საკრებულოს დეპუტატს აღარ უსაუბრია. მანამდე კი ელისაშვილი დარწმუნებული იყო, რომ გამოძიება მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების გამო დაინტერესდა.
რატომ დაინტერესდა საგამოძიებო უწყება ალეკო ელისაშვილის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით, უცნობია. ამის შესახებ არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საუბრობენ. ადმინისტრაციაში მხოლოდ ის განმარტეს, რომ 22 დეკემბერს პროკურატურიდან შესული მოთხოვნის საფუძველზე, საგამოძიებო უწყებას შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ალეკო ელისაშვილი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი კენჭს საბურთალოს რაიონში იყრიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიაში ელისაშვილის შესახებ როგორც საჯარო, ისე არასაჯარო ინფორმაცია ინახება. ინფორმაცია პროკურატურის მიერ ალეკო ელისაშვილის საარჩევნო დოკუმენტაციით დაინტერესების შესახებ ქართული გაზეთის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. გაზეთის ჟურნალისტი ამბობს, რომ ამის გავრცელებას წინ ეკა ბესელიას განცხადება უძღოდა, რომელიც პროკურატურას ალეკო ელისაშვილის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებდა.
წყარო: “რუსთავი 2”