პროკურატურამ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე ძიება შეწყვიტა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “გამოძიებით არ დადასტურდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი”.
საქმე ეხება 2013 წლის 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადას, სადაც ამბობდა რომ 2013 წლის 13-14 დეკემბრის ღამეს, ის N9 ციხიდან გამოიყვანეს და მიიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა.
პროკურატურის მტკიცებით: “საქმეზე ჩატარებული ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით, არ დადასტურდა და გამოირიცხა ივანე მერაბიშვილის 2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა ივანე მერაბიშვილს და დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მის ადვოკატებს, რომელთაც პროკურატურის მიერ განემარტათ შესაძლებლობა მათთვის მისაღებ დროს სრულად გაეცნონ საქმის მასალებს”.