პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნებში დანაშაულის ფაქტი ვერ აღმოაჩინა

გოგი თოფაძის განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიება შეწყდა. საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

უწყებამ შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2016 წლის 25 თებერვალს დაიწყო გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რომელსაც საფუძვლად დაედო განცხადებები, რომლებიც ეხებოდა საგარეჯოში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს. ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა“, – აცხადებენ უწყებაში.

მთავარი პროკურატურის მიერ საგარეჯოში ჩატარებულ არჩევნებზე გამოძიების შეწყვეტა მოულოდნელი არ ყოფილა ირმა ინაშვილისათვის.
ინაშვილი აცხადებს, რომ მოკვლვის დაწყება მხოლოდ ფორმალობა იყო და ჟურნალისტური გამოძიების ამსახველი ფილმის გამოქვეყნებას აანონსებს. ინაშვილი აცხადებს, რომ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას უამრავი თვითმხილველი და მოწმე ჰყავს, რომლებიც პროკურატურას არ დაუკითხავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button