პროკურატურამ საგარეჯოს რიგგარეშე არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქარველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” მიმართვა გახდა, რომელმაც პროკურატურას პარლამენტის დეპუტატის და ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა.

გოგი თოფაძემ განცხადა, რომ საგარეჯოს ოლქში არჩევნები გაყალბდა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა.

საპარლამენტო ოპოზიცია საგარეჯოს შუალედური არჩვნების საქმეზე გამოძიებას აუცილებლად მიიჩნევს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გამოძიების საფუძველი არსებობს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ გამოძიება ეფექტურად უნდა წარიმართოს.

საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმეზე გამოძიების დაწყებას რესპუბლიკელების ნაწილი ვარშავის სამისტის წინ, არასახელმწიფოებრივად აფასებს. ფრაქციაში აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მათი შეფასებით, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების ლეგიტიმურობა, არსებული საჩივრების განხილვის შემდეგ, ყველა სასამართლო ინსტანციამ ცნო, მათ შორის ცესკომაც. ისინი საქმის პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

თავდაცვის მინისტრი პროკურატურას მოუწოდებს საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმე ეფექტურად გამოიძიოს, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს. თინა ხიდაშელი ასევე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ სამარცხვინო მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button