პროკურატურამ სამხედრო ბლოგერს უჩა აბაშიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

პროკურატურამ სამხედრო ბლოგერს, უჩა აბაშიძეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.
ბრალის წარდგენის შემდეგ, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, კომენტარი გააკეთა უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.
მისი თქმით, ამ დროისათვის, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს.
გიორგი მახარაძე ამბობს, რომ 157-ე პრიმა მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა), ადვოკატებმა, გამოძიების მოთხოვნით, გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ეს იქნება ბოლო კომუნიკაცია მედიასთან:
„ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე, საქმე არის სენსიტიური, მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, დაცვის სტრატეგიაც მოიცავს იმას, რომ მედიასთან კომუნიკაცია, ამ ეტაპზე, არ არგებს სისხლის სამართლის საქმეს და მის ინტერესებს.
აქედან გამომდინარე, ეს არის ბოლო კომენტარი, რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით ვაკეთებ. საქმის მასალები გადმოცემულია, დაკავებიც ოქმიც და სხვა მასალებიც. უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენ დეტალებზე, რა არის საქმის მასალებში, ვერაფერს გეტყვით“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მახარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის თანახმად, აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
მაჭავარიანის თქმით, საინტერესოა, რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა ცოლ-ქმარი, ვინ არიან ის პირები, ვინც მათი შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში და რატომ მოჰყვა აბაშიძის დაკავებას დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან.
“1. რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და რა ძალა აიძულებდათ ასეთ მარაზმზე წასულიყო ცოლ-ქმარი?! 2. ვინ არიან ადამიანები, ვინც მათი კომპრომატების შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში?! 3. რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან და რამდენიმე წუთში გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი. გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ მის მიერ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!” – წერს ლევან მაჭავარიანი.
შეგახსენებთ 11 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ უჩა აბაშიძესა (ის 9 მაისს დააკავეს) და მის ცოლს, მარიამ იაშვილს, რომელიც გამოძიებამ 11 მაისს დააკავა, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება.
გამოძიება ირწმუნება, რომ უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა, „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამ მიზნით, მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.