პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

პროკურატურა ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ დადასტურდა და უწყებამ ამ საქმის გამოძიება შეწყვიტა.
“2 წლის განმავლობაში, გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 124 პირი, ჩვენებები გამომძიებლებმა ჩამოართვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის იმ 32 თანამშრომელს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პანკისში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაში. პროკურატურამ არ გაიზიარა გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის არცერთი ბრალდება და დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით განხორციელდა გასროლა”, – განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება სადავო ხელყუმბარას: როგორც საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოძიება ირწმუნება, საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ამ პროცესს კი ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე.
საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის ხმა ►
“ამის უფლება არ ჰქონდათ”- ასე გამოეხმაურა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას. მარიამ კუბლაშვილის თქმით, გამოძიება მხოლოდ სავარაუდო დამნაშავე სპეცრაზმელის ჩვენებას დაეყრდნო და ის სხვა მტკიცებულებებით არ გაუმყარებია.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილის და ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ხმა ►
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.