პროტესტის მე-13 დღე- პარლამენტის წინ მოქალაქეები ისევ იკრიბებიან
პროტესტის მე-13 დღეს, პარლამენტის წინ მოქალაქეები ისევ იკრიბებიან და ხელახალ არჩევნებს, ასევე მოძალადეების დასჯასა და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ცოტა ხნის წინ გადაიკეტა. მოქალაქეები ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან.
როგორ წარიმართება პროცესები ჯერჯერობით უცნობია, რადგან აქციაზე სიტყვით გამოსვლები კვლავ არ იგეგმება. როგორც წესი, აქციის მონაწილეები დემონსტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებენ.
დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პირების უპირობოდ გათავისუფლება, რომელიც დემონსტრაციაზე დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან, ან მათი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ადგილზე არ არის მობილიზებული არც საპატრულო პოლიციისა და არც სპეციალური დანიშნულების რაზმი.
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.