მნიშვნელოვანისიახლეები

პროტესტის მეცხრე დღე საქართველოში – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც.

ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე პოლიციის კორდონია მოწყობილი და აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდულია.

პარლამენტის წინა მხარეს, სადაც რკინის ჯებირებია განთავსებული, აქციის მონაწილეთა ნაწილია შეკრებილი. ისინი პროტესტს ჯებირებზე ბრახუნით, შეძახილებითა და სტვენით გამოხატავენ.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილესა და სამართალდამცავს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირება. შსს-ს წარმომადგენლებმა პირი განარიდეს ან დააკავეს ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

9 აპრილის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ერთგვარი კორდონი აქვთ გაკეთებული.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიევროპული გადაწყვეტილებებს და ძალადობრივ პოლიტიკას მე-9 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ქუთაისშიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეიძლება შეუქმნას ქვეყანას.

“პირველ რიგში რაც დღეს გაჟღერდა საფრთხე ეს არის ჩვენი დიპლომების აღიარება ევროკავშირის ქვეყნების მიერ, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს განათლების ბიზნესს, უცხოელი სტუდენტები არ ჩამოვლენ, ასევე არ მოხდება ქართველი სტუდენტების დიპლომების აღიარება საზღვარგარეთ.

მეორე საფრთხე არის კონკრეტულად ის რაც ქუთაისს შეეხება, ჩვენი ქალაქი ისედაც ძლივს სულდგმულობს, ერთადერთი კარგი საშუალება ეს იყო აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომელზეც ბაზირებულია ვიზეარი, თუ ვიზალიბერალიზაციას შეექმნება პრობლემები, რის გამოც ეს კომპანია შემოვიდა, აღარ გვექნება ეს საშუალება. ტურიზმი ჩაკვდება და ეს ქალაქიც იქცევა ჩიხად.

ამაზე გვჭირდება დაფიქრება, ყველა უნდა ვიდგეთ გარეთ. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ხილული გახდეს ჩვენი პროტესტი და რეჟიმი მიხვდეს, რომ ამ ქვეყანაში რუსული ოპერაცია ვერ გაუვა,” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგის” თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძემ

მსვლელობები და მოთხოვნები, ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, ასევე დაკავებულების განთავისუფლება დღეს ხელოვანებმა მოითხოვეს.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

ისინი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირამდე ბანერებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

ისმის შეძახილები: “ტურიზმი დგას ერთად!” “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”
ადგილზე იმყოფებიან საპოლიციო ძალები.

უკვე მეცხრე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button