პროტესტის მიუხედავად ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალს ატარებენ [Video]
ჩინეთის ქალაქ იულინში (პროვინცია გუანსი), ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტების ხმამაღალი პროტესტის მიუხედავად, ძაღლის ხორცის ყოველწლიური ფესტივალი იმართება, – იუწყება „ბი-ბი-სი.“
ზაფხულის ბუნიობის აღსანიშნავად (21 ივნისი), 10 ათასამდე ძაღლს კლავენ და საკვებ ხორცად ყიდიან. ჩინელების რწმენის თანახმად, ამ დღეს ნაჭამი ძაღლის ხორცი ჯანმრთელობას ამაგრებს. ჩინელი ექიმები მამაკაცებს, პოტენციის გასაუმჯობესებლად, ძაღლის დელიკატესის მოხმარებას ურჩევენ.
ექიმთა მსოფლიო ორგანიზაცია კი თვლის, რომ ძაღლის ხორცი ორგანიზმს ბევრ პრობლემას უქმნის და მისი მოხმარება ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია. დღესასწაულის დროს გაყიდულ ხორცს სანიტარულ შემოწმებას არ უტარებენ. ცნობილია, რომ ძაღლი პარაზიტების გადამტანი ცხოველია, რომლებიც ცოფს იწვევენ. იულინი დაინფიცირების მაღალი რისკის ქალაქად ითვლება.
გამყიდველები ხორცის შენახვის ვადასაც არ იცავენ. ძაღლებს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ათასობით კილომეტრის რადიუსში იჭერენ და იულინში გადასაყვანად რამდენიმე დღე სჭირდებათ. ტრანსპორტირების დროს, ბევრი ცხოველი იღუპება, მაგრამ მათ ხორცს მაინც ჰყიდიან.
ქალაქის ხელისუფლება, ფინანსური სარგებლის გამო, ფესტივალის ჩატარებას ხელს არ უშლის, ჩინეთის მთავრობა კი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, უხერხულ მდგომარეობაში ვარდება.
ტაივანში ძაღლის ხორცის მოხმარება 2001 წელს აიკრძალა, მაგრამ რესტორნებში, ოთხფეხა მეგობრებისგან, კერძებს დღემდე ამზადებენ.
შეგახსენებთ, პოლინეზიაში, ვიეტნამში, ფილიპინებზე და მექსიკაში, ძაღლის ხორცის საკვებად მოხმარება აკრძალული არ არის.