პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით მართავენ სადაც სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში არ უშვებენ.
. მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წევრები. აქციას ასევე თსუ-ს სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა, რომელთაც ბანერი უჭირავთ წარწერით: „არჩევანი მოგვპარეს, არადანი ჩვენია”, ასევე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნები ჩატარებას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტი მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.
ისინი მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ დავარდეს.
„ეს რეჟიმი სულ უფრო და უფრო მძიმდება. ჩვენ ვხვდებით, რომ არჩევნების გაყალბება არ არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც მათ გადადგეს. ჩვენ ვიბრძვით დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყნისთვის, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და „რუსულ კანონს“ არ იღებენ, არ დევნიან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადამიანებს შეხედულებების გამო და არ სცემენ მათ სპეცრაზმის მეშვეობით. ფაქტია, ყოველდღიურად ჩვენ ბევრ რაიმეს გავიგებთ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ილია ღლონტმა.
როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე აცხადებს, ავტორიტარიზმი რამდენიმე დღეში არ სრულდება.
„გეგმას აქვს სამი შემადგენელი ასპექტი. პირველი ეს არის არჩევნების საერთაშორისო არ აღიარება, მეორე პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის შესვლა და ეს არის უფლებამოსილების ცნობის დღე, რომ საზოგადოებამ ამ პროცესს შეუშალოს ხელი, რომ „ქართული ოცნების” არცერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდეს იმ დარბაზში. ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა დამოუკიდებლობის დაკარგვას გულისხმობს”,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი პროტესტია.
“სამი ძირითადი მიმართულება: პირველი ეს არის ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის არ მიცემა პარლამენტისთვის, რაც წარმატებით მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების მიერ.
მეორე ეს არის გახლავთ საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ მიცემა და ამ მხრივაც წარმატებით მივდივართ, რადგან დასავლური სამყარო არ აღიარებს ამ არჩევნებს და არც აპირებს.
მესამე გზა კი არის პროტესტი, როდესაც ქვეყანაში მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს გართმევენ რჩება მხოლოდ ქუჩის და პროტესტის გზა,”- აცხადებს ფავლენიშვილი.
ცნობისთვის სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ და ლექტორებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ წუთებში ლექტორები და სტუდენტები შენობის კართან დგანან, დაცვა კი ეუბნება, რომ “მათ კონკრეტული მოტივი აქვთ და ამის გამო, შენობაში ვერ შეუშვებენ”.
“უნივერსიტეტის აპოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, პოლიტიკური შინაარსის შემცველ რაღაცებს ვერ დაგადებინებთ – რა მოტივითაც შედიხართ, ვერ შეგიშვებთ”, – ეუბნება უნივერსიტეტის წარმომადგენელი ლექტორებსა და სტუდენტებს.
ლექტორები მათ ეუბნებიან, რომ შენობაში ლექციის ჩასატარებლად შედიან.
თსუ-ის ლექტორი, გიორგი ბადრიძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უნვერსიტეტის შენობიდან არ უშვებენ.
“არ მიშვებენ უნივერსიტეტიდან იმიტომ, რომ არ შემოუშვან სტუდენტები”, – წერს ბადრიძე