პურის შემდეგ თელავში შაქარიც გაძვირდა
თელავის სურსათის მაღაზიებში, ერთი კილოგრამი შაქრის ფასმა, 10- 15 თეთრით მოიმატა.
ერთ- ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლის განმარტებით, ფასების მატება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ დაიწყო.
“რაც ვირუსის გამო, აკრძალვები შემოიღეს, შაქარმა მალევე მოიმატა. ჩვენთან 15 თეთრით გაძვირდა, ზოგან 10 თეთრით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თვითონ მაღაზიას, რა ფასში მიაწვდის სადისტრიბუციო კომპანია”- განაცხადა რადიო ჰერეთთან სუპერმარკეტის კონსულტანტმა.
სადისტრიბუციო კომპანიაში რადიო ჰერეთთან განმარტეს, რომ მომწოდებლებმა ერთი ტომარა შაქრის ფასი, უკვე სამი ლარით გაზარდეს.
“აქამდე ტომარა 89 ლარი ღირდა, ახლა უკვე 92- ს ვიხდით. ეს თავისთავად, ფასის გაზრდას იწვევს”- განმარტეს კომპანიაში.
შაქარზე ფასის მატებას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება,გაჭირევბული მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
“ხალხი უმუშევარი რჩება, პენსია იმდენად ცოტაა, პურზე და წამლებზე ძლივს გვყოფნის. არიან ადამიანები, განსაკუთრებით, მოხუცები, რომლებიც ჩაისა და პურზე არიან ,ისინი ხომ შიმშილით დაიხოცებიან” – ამბობს რადიო ჰერეთთან, თელავში მცხოვრები, ჯულიეტა აფციაური.
პრემიერ- მინისტრთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ, ქვეყანაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, 28 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში, შეზღუდვები დააწესა.
ქალაქების ჩამონათვალში, სადაც კონკრეტული აკრძალვებია შემოღებული, კახეთის რეგიონიდან, მხოლოდ თელავი მოხვდა.
შეზღუდვების დაწესების შემდეგ, თელავის საცხობებში, პურის ფასმაც მოიმატა. მწარმოებლებმა, ერთი პურის ღირებულება 10-30 თეთრით გაზარდეს. ფასები გაიზარდა, სურსათის მაღაზიაში სარეალიზაციოდ შეტანილ
პურზეც.
პურ- პროდუქტებზე ფასის მატების შესახებ, განცხადება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, მთავრობა ფქვილის ფასის სუბსიდირებას აპირებს.
დაპირების მიუხედავად, თელავში პურის ფასი არ შეცვლილა და ის 90 თეთრიდან , 1 ლარამდე მერყეობს
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი