პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ახალ შეტევებს იწყებს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის ახალი, მასშტაბური შეტევა უკვე დაწყებულია.
როგორც სტოლტენბერგმა 13 თებერვალს, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ალიანსი “ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავს”, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება.
“ვხედავთ, რომ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს კვლავ სურთ უკრაინის კონტროლი” – თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა: “ვხედავთ, რომ ისინი იქ დამატებით ძალებს, იარაღს, შესაძლებლობებს გზავნიან”.
კიევი გარკვეული პერიოდია აცხადებს რუსეთის მხრიდან გაფართოებული შეტევის მოლოდინზე – რომლის სამიზნეც იქნება არა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღმოსავლეთში, არამედ ხარკოვის რეგიონიც უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთში, და ზაპოროჟიე სამხრეთაღმოსავლეთში.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა იყენებს მეტ ტყვია-წამალს, ვიდრე მას ნატოს წევრი ქვეყნები აწვდიან – მან ამ ქვეყნებს “წარმოების გაზრდისკენ” მოუწოდა.
ნატოს გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ 14 თებერვალს, ალიანსის სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება უკრაინისთვის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაც.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან, ნატოს არ გადააქცევენ ამ კონფლიქტის მხარედ.
რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება ნატოს ქვეყნებს კონფლიქტის “პირდაპირ” მხარედ გადააქცევს.
ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ყველაზე მძიმე ვითარება ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებითაა.
“დღეს, დილის 4 საათზე, რუსებმა ბელოგოროვკას ყველა მხრიდან შეუტიეს. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ეს შეტევა მოიგერიეს. იგივე სიტუაცია იყო კრემენაიას მიმართულებით, მტერი გვიტევს დიდი რაოდენობის სამხედრო პერსონალით. ჩვენს დამცველებთან ბრძოლის შემდეგ, რაშისტებმა უკან დაიხიეს.
სვატოვოს მიმართულებით ვითარება სტაბილურია. ლუჰანსკის ფრონტზე, უახლოეს დღეებში ველოდებით რაშიტების მასიურ თავდასხმებს”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
6 თებერვალს, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევები, 15 თებერვლის შემდეგ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს იყოს მოსალოდნელი. მისი თქმით, ხელისუფლება ხედავს, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით სულ უფრო მეტ რეზერვს აგროვებენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში სულ უფრო მეტი აღჭურვილობა ფიქსირდება, რომელსაც რუსები მალავენ.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა გააძლიერა თავდაცვა ზაპოროჟიეს ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ტარასოვკას მახლობლად.
“2023 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერა თავდაცვა ზაპოროჟიეს რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, განსაკუთრებით ქალაქ ტარასოვკას მახლობლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დაზვერვის თქმით, 8 იანვრის მდგომარეობით, რუსეთმა ქალაქ ვასილიევკასა და ორეხოვს შორის თავდაცვითი სიმაგრეები შექმნა.
“უკრაინის დიდი გარღვევა ზაპოროჟიეს რეგიონში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის “სახმელეთო ხიდის” სიცოცხლისუნარიანობას, რომელიც აკავშირებს როსტოვის რეგიონსა და ყირიმს. უკრაინის წარმატება ლუჰანსკის რეგიონში კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მიზანს – დონბასის “გათავისუფლებას”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 138 340 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.