მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი დაუცველია-ზელენსკის თქმით შესაძლოა მოსკოვში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში იქნება რევოლუცია, რომელსაც მხარს ბევრი დაუჭერს. ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით თქვა, რომ პრიგოჟინი, რომელიც პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რუსეთში მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა, რატომ გაჩერდა, ეს არ იცის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პრიგოჟინის აჯანყებამ პუტინის ხელისუფლების სისუსტე გამოავლინა უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, პუტინს ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალა არ გააჩნია და სამოქალაქო მოსახლეობა დაუცველია.
„არის სიგნალი, რომ რუსეთში შესაძლოა, მოხდეს კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთში ბევრი ადამიანია, ვინც შესაძლოა, ამ ამბოხებას მხარი დაუჭიროს.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხება დაახლოებით 24 საათს გაგრძელდა მას შემდეგ, რაც 23 ივნისს დაჯგუფების დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.

„ვაგნერელებმა“ დაიკავეს ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქი, თუმცა, 24 ივნისს, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვში აღარ შევლენ. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა შეიარაღებული ამბოხების მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.
ამასთან ზელენსკიმ ნატოს სამიტზეც ისაუბრა ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ პარტნიორებს, გააკეთონ გარკვეული დასკვნები ნატო-ს მომავალი სამიტისთვის. ჩვენ გვსურს, რომ სამიტზე ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამენ, რომ ქვეყნის მომავალი ნატო-შია.

„უკრაინა იქნება ნატო-ს ღირებული პარტნიორი ქვეყანა, რეალურად ევროპაში უძლიერესი შეიარაღებული ძალებით. უკრაინელების 90 პროცენტს სურს, იყოს ნატო-ს ნაწილი. უკრაინელების 90 პროცენტზე მეტს სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. ომის დასრულების შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ შევიტანთ საჭირო ცვლილებებს ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, რათა საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა კონტრშეტევაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყნის სურვილია, პროცესები სწრაფად წარიმართოს.

„ყველა ჩვენგანს გვსურს კონტრშეტევის უფრო სწრაფად წარმართვა, რადგან ყოველი დღე უკრაინელების ახალ დანაკარგებს ნიშნავს. ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ არ ვართ გაჩერებულები ერთ ადგილას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button