მნიშვნელოვანისაქართველო

კახა კალაძემ ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

თბილისის მერმა მთავრობის დღვანდელი სხდომა თანამშრომელთა გათავისუფლებით დაიწყო.

კახა კალაძის განცხადებით, გათავისუფლებულია, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი. თბილისის მერმა შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შედეგები გაასაჯაროვა.

“ადგილი აქვს კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი ადამიანები. კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს,”- განაცხადა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ის ვერ დაასახელებს იმ ორი თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომლებიც გათავისუფლდნენ. ხმალაძე ამბობს, რომ ორივე გათავისუფლებული საკუთარი ოჯახის წევრების სასარგებლოდ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button