რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოთქმა შეუსაბამო საქციელია. შესაბამის ინფორმაციას მედიასაშუალებები კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს, გერმანიამ ნავალნის სამედიცინო გამოკვლევების პასუხები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. 22 აგვისტოს კი, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს.
ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.