პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს “გამარჯვებას” და “დამოუკიდებლობის დღეს” ულოცავს
1993 წლის 30 სექტემბერს, ომის შემდეგ, სეპარატისტებმა კონტროლი დაამყარეს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კოდორის ხეობისა.
პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს “გამარჯვებასა” და “დამოუკიდებლობის დღეს” ულოცავს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას პირდება
რუსული სამთავრობო მედია TASS აქვეყნებს მილოცვის ტექსტს, რომელიც მან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას გაუგზავნა.
“ძვირფასო ასლან, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში.
რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია მილოცვაში.
1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე, კოდორის ხეობის გარდა, კონტროლი დაკარგა.