მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“პუტინი პარალიზებული და უუნარო აღმოჩნდა პრიგოჟინის აჯანყების პირველ საათებში” -The Washington Post

“პუტინი პარალიზებული და უუნარო აღმოჩნდა პრიგოჟინის აჯანყების პირველ საათებში” – ამ სათაურით გამოცემა The Washington Post-ი ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში გამოცემა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს აჯანყების გამოცხადების პირველ საათებში არ შეეძლო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დღის უმეტეს ნაწილში ბრძანებები არ გაცემულა.

The Washington Post-სთვის გაზიარებული სადაზვერვო შეფასებების თანახმად, რუსულმა უშიშროების სამსახურებმა მინიმუმ 2-3 დღით ადრე გააფრთხილეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი აჯანყებისთვის ემზადებოდა. ოფიციალური პირების თქმით, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები უსაფრთხოების გასაძლიერებლად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტში, მათ შორის კრემლში, სადაც გვარდიის პერსონალის რაოდენობა გაზარდეს და მათ მეტი იარაღი დაურიგეს, თუმცა სხვაგვარი ქმედებები არ განხორციელებულა.

“პუტინს ჰქონდა დრო, მიეღო გადაწყვეტილება, რომ ჩაეხშო აჯანყება და დაეკავებინა ორგანიზატორები… მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დაიწყო, ყველა დონეზე მოხდა პარალიზება… დაისადგურა აბსოლუტურმა განგაშმა და დაბნეულობამ. დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდნენ, როგორი რეაგირება უნდა ჰქონოდათ”, – განუცხადა TWP-ს ევროპის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც, გამოცემასთან ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

The Washington Post-ი წერს, რომ დასავლური ოფიციალური პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიში გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არეულობა იყო კრემლის შიგნით აჯანყებისა და პუტინის 23-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე მძიმე გამოწვევის დაწყების პირველ საათებში.

გამოცემა წერს, რომ პუტინის ასეთი ქმედებები ავლენს რუსეთის პრეზიდენტის შიშს, პირდაპირ დაუპირისპირდეს მეთაურ ევგენი პრიგოჟინს, რომელიც ათწლეულზე მეტია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში მხარდაჭერა მოიპოვა. TWP წერს, რომ იქამდე, სანამ ევგენი პრიგოჟინი ოფიციალურად დაიკავებდა პოზიციას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, ის იყო კრემლის გლობალური ოპერაციების განუყოფელი ნაწილი შეერთებულ შტატებში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ტროლების საშუალებით.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა The Washington Post-ს უთხრა, რომ უსაფრთხოების წარმომადგენლების მიერ გაზიარებული დაზვერვის შეფასებები “სისულელეა” და თქვა, რომ მათ აქვთ “ნულოვანი ინფორმაცია”.

The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აჯანყების დროს კრემლის უმაღლესი წარმომადგენლებისგან ბრძანებების არარსებობის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწიათ, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება მოქმედებასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, ყოველგვარი მკაფიო ბრძანების გარეშე, ადგილობრივმა სამხედროებმა და უსაფრთხოების ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ ჰქონოდათ მცდელობა ვაგნერის მებრძოლების შეჩერების.

TWP წერს, რომ მიუხედავად აჯანყების დღეს რუსეთის პრეზიდენტის მიმართვისა, სადაც მან გასცა დაპირება “მკაცრი ზომების” მიღებასთან დაკავშირებით, რათა შეეჩერებინა აჯანყება და მიუხედავად დაკავების ორდერისა, რომელიც მან გასცა ევგენი პრიგოჟინის მიმართ, ადგილობრივ დონეზე ბევრს არ სჯეროდა, რომ ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის აჯანყება კრემლთან შეთანხმებული არ იყო.

“ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ მიიღეს არავითარი ბრძანებები ზემდგომი პირებისგან. ჩვენი ხედვით, ეს არის ყველაზე დიდი გამოვლინება იმ არაჯანსაღი ვითარებისა, რომელიც რუსეთის შიგნითაა. ავტორიტარული სისტემა ისე მოწყობილი, რომ ხელმძღვანელების მკაფიო ბრძანების გარეშე, ხალხი არაფერს აკეთებს. როდესაც ხელმძღვანელობა არეულობაშია, არეულობაა ადგილობრივ დონეზეც”, – განუცხადა TWP-ს უკრაინის ოფიციალურმა პირმა.

TWP-ის ცნობით, დაზვერვის ინფორმაცია კარგი მაგალითია იმის ასახსნელად, თუ რა ითვლება ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდ ფიასკოდ და ამ კონტექსტში, ნახსენებია რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის თანამდებობიდან გადაყენება. ამასთან, აღნიშნულია, რომ კრემლში არეულობა კარგად ასახავს რუსეთის უსაფრთხოებასა და სამხედრო სამსახურის შიგნით გაღრმავებულ განხეთქილებას უკრაინაში ომის წარმართვასთან დაკავშირებით.

The Washington Post-ის სტატიაში ერთ-ერთი წყარო NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელიცაა. მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ მოსკოვში ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი მზად იყო, მხარი დაეჭირა ევგენი პრიგოჟინისთვის, თუ ის მოახერხებდა წარმატების მიღწევას. ოფიციალური პირის თქმით, “მნიშვნელოვანი ადამიანები ძალაუფლების სტრუქტურებში ელოდნენ, რომ პრიგოჟინის მცდელობა უფრო წარმატებული ყოფილიყო, ამ შემთხვევაში კი შეუერთდებოდნენ აჯანყებას”.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button