,,პუტინი უკრაინაზე გარწმუნებთ არ გაჩერდება,,-ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონგრესში სიტყვით გამოვიდა. ჯო ბაიდენმა, კონგრესის წევრებს უკრაინის დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პუტინი არ გაჩერდება- ,,თუ ამ დარბაზში ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება, მაგრამ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწოდებთ იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად,,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვის პირველივე წუთებში ილაპარაკა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ სურს კონგრესი გამოაფხიზლოს და ამერიკელი ხალხი გააფრთხილოს, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება.
„უპრეცედენტო მომენტის წინაშე ვდგავართ. ჩემი მიზანია, გავაღვიძო ეს კონგრესის და გავაფრთხილო ამერიკელი ხალხი, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი არ არის. რუსეთის პუტინი შეჭრილია უკრაინაში და თესავს ქაოსს მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. თუ ვინმე ამ ოთახში ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება, გარწმუნებთ, ის ამას არ გააკეთებს. მაგრამ უკრაინას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, თუ ჩვენ დავდგეთ უკრაინის გვერდით და მივაწვდით იარაღს, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად. სულ ესაა, რასაც უკრაინა ითხოვს. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, უკრაინაში ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ასე გაგრძელდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ კიევი რუსეთისგან თავდასაცავად არა ამერიკელი ჯარისკაცებით დახმარებას, არამედ იარაღს ითხოვს.
მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას ბლოკავენ ისინი, ვისაც სურთ, მსოფლიო ლიდერობისგან უკან დავიხიოთ.
„არც ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა დასჭექა: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი. ახლა, ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს: „რა ჯანდაბაც გინდა, ის გააკეთე. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა : ქედი მოუხარეთ პუტინს. ეს აღმაშფოთებელია. ეს საშიშია. მიუღებელია. მე ვეუბნები კონგრესს: წინ უნდა აღვუდგეთ პუტინს. გამომიგზავნეთ ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. ისტორია გვაკვირდება. თუ შეერთებული შტატები ახლა უკან დაიხევს, ეს უკრაინას რისკის ქვეშ დააყენებს. ევროპა რისკის ქვეშ, თავისუფალი სამყარო რისკის ქვეშ ამხნევებს სხვებს, რომლებსაც სურთ ჩვენთვის ზიანის მოყენება. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიმართ მარტივია : არ დავნებდებით, ქედს არ მოვიხრით, ქედს არ მოვიხრი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ასევე, პრეზიდენტმა ამერიკელ სამხედროებს ღაზის სექტორის სანაპიროზე დროებითი პორტის შექმნა დაავალა, რაც ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით მიწოდების საშუალებას მისცემთ.
სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკელები წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე თვეა ცდილობს კონგრესის დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
ბაიდენის თქმით, ის ამერიკელ ჯარისკაცებს არ გაგზავნის ღაზაში და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალი, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.