მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი უკრაინის ომში რუსების დასახმარებლად ახლო აღმოსავლეთიდან მოხალისეების მოზიდვის წინადადებას დაეთანხმა

ვლადიმირ პუტინი უკრაინის ომში რუსების დასახმარებლად ახლო აღმოსავლეთიდან მოხალისეების მოზიდვის წინადადებას დაეთანხმა და განაცხადა, რომ მათ სამხედრო მოქმედებების ზონაში მოსახვედრად დახმარება უნდა გაეწიოთ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუტინმა ასევე დაავალა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მოამზადოს ცალკე ანგარიში რუსეთის დასავლეთ საზღვრების გაძლიერების შესახებ ნატოს ქმედებებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრის წინადადებას, რომ სამხედრო ნადავლი, რომელშიც შედის დასავლური წარმოებს სამხედრო ტექნიკა და იარაღი, დონბასის რეგიონს გადაეცეს.

პრეზიდენტი პუტინი თანახმაა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უცხოელი მოხალისეები გამოიყენოს. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია-ნოვოსტი“ წერს, ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში განაცხადა უშიშროების საბჭოს წევრებთან დღეს, 11 მარტს გამართულ თათბირზე.

„თუ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მოხალისეობრივ საფუძველზე, მით უმეტეს უფულოდ, ჩამოვიდნენ და დაეხმარონ დონბასში მცხოვრებ ადამიანებს, მაშინ უნდა გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯი და დავეხმაროთ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩასასვლელად”, – განაცხადა პუტინმა.

კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტოს მოჰყავს პუტინის სიტყვები იმის შესახებაც, რომ „დასავლელი სპონსორები“ არ მალავენ უკრაინისთვის მოხალისეების შეკრებას და ამას აკეთებენ „საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით“.

„რია-ნოვოსტი“-ს ცნობითვე, თათბირზე თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ თქვა, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ მიიღეს 16 ათასზე მეტი ასეთი მიმართვა და მათი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button