მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

პუტინის რუსეთი და სიკვდილის ბრიგადები

ქავთარაძის ქუჩაზე ქართული სპეცსამსახურების მიერ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ინგუში ვასამბეკ ბოკოვი თბილისში, სავარაუდოდ, პოლიტიკური მკვლელობისთვის იყო ჩამოსული.

მართალია, ამ ეტაპზე მას ბრალი მხოლოდ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის აქვს წრადგენილი, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ სამართალდამცველები მის კვალზე შეკვეთილი მკვლელობის მომზადების შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ამ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო, – ცნობილი ჟურნალისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ, ვლადიმირ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

მაშინ გიორგი გაბუანიას ამ მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომელმაც „ტელეგრამზე“ დაწერა:

„მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს. გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს, თორემ პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს“.

ეს მუქარა და დამატებით სხვა გარემოებები საზოგადოების ნაწილს აფიქრებინებს, რომ საქართველოში მყოფი ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას მკვლელობას სწორედ რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდა.

შეკვეთილი მკვლელობები ჩეჩნეთის ლიდერის საფირმო ხელწერაა. ამის დასტურად, მხოლოდ მიმდინარე წელს მომხდარი გახმაურებული თავდასხმებიც გამოდგება.

მაგალითად, 2020 წლის 30 იანვარს სასტიკად მოკლეს საფრანგეთში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი, მეტსახელად „მანსურ სტარი“..

ამავე წლის 26 თებერვალს შვედეთში მცხოვრები ცნობილი ჩეჩენი ბლოგერისა და რამზან კადიროვის კრიტიკოსის, თუმსო აბდურაჰმანოვის ბინაში უცნობი მამაკაცი შეიჭრა და მძინარე ბლოგერს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ჩაქუჩი, თუმცა აბდურაჰმანოვმა მოახერხა თავდამსხმელის მოგერიება, განეიტრალება და პოლიციისთვის ჩაბარება.

როგორც გამოძიებამ შემდგომში დაადგინა, თავდასხმის უკან რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი იდგა.

კადიროვის სიკვდილის ბრიგადებზე საინტერესო მოსაზრება აქვს რონდელის ფონდის მკვლევარს, ალექსანდრე კვახაძეს.

მისი თქმით, რამზან კადიროვი, რომელიც წლებია ერთპიროვნულად მართავს ჩეჩნეთის რესპუბლიკას, შეუწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ, როგორც ჩეჩენეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ:

„ჩეჩნეთში პოლიტიკური და განსხვავებული აზრის გამო დევნა არ არის ახალი მოვლენა. იქ მომუშავე არაერთი უფლებადამცველი პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების მსხვერპლი გამხდარა.

“გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით გავრცელებულია ე.წ. „ბოდიშის მოხდის“ ვიდეოების პრაქტიკა, როდესაც რამზან კადიროვის საჯარო კრიტიკოსს მუქარითა თუ ძალადობით თავისი სიტყვების უკან წაღებასა და რამზან კადიროვისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებენ და მისი მობოდიშება საჯაროვდება“.

კადიროვის და ზოგადად, პუტინის რეჟიმის მსხვერპლთა სია საკმაოდ ვრცელია და ამ ჩამონათვალში წამყვან ადგილს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები იკავებენ.

კადიროვი-პუტინის რეჟიმის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ დევნილობაში მყოფი ჩეჩნებიც.

არის შემთხვევები, როცა რუსეთის სპეცსამსახურები მკვლელობის ადგილიდან ყველანაირ მტკიცებულებას აქრობენ და როგორც წესი, კატეგორიულად უარყოფენ გახმაურებულ მკვლელობებთან ოფიციალური მოსკოვის კავშირს.

 

ზელიმხან ხანგოშვილი

 

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

ცხადია, პუტინის რუსეთმა ამ შემთხვევაშიც მკვლელობასთან ყოველგვარი კავშირი უარყო, თუმცა გერმანიის პროკურატურა უკვე დაბეჯითებით ირწმუნება, რომ დანაშაულში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია.

მომხდარის გამო, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ხანგოშვილის მკვლელი ვინმე ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვია.

ეს პიროვნება გერმანიაში ყალბი პასპორტით იმყოფებოდა. კრასიკოვს წარსულში ინტერპოლი ეძებდა, თუმცა საერთაშორისო ძებნა რუსეთის მოთხოვნით შეწყდა.

 

სერგეი მაგნიტსკი

 

37 წლის ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან პირადად ვლადიმერ პუტინი და მთავრობის ჩინოსნები კორუფციაში დაადანაშაულა.

ის 2009 წლის ნოემბერში ციხეში მოკლეს. საინვესტიციო ფონდის მოხსენებაში, რომელსაც ხელს აწერს ამერიკელი ინვესტორი უილიამ ბროვდერი, ნათქვამია, რომ მაგნიტსკის სამედიცინო დახმარებაზე უარი ყველა სამთავრობო უწყებამ უთხრა.

მოგვიანებით, აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა ე.წ. მაგნიტსკის აქტს, რომლის მიხედვით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესდათ.

 

ალექსანდრ ლიტვინენკო

 

ФСБ-ს ყოფილი აგენტი, 44 წლის ალექსანდრ ლიტვინენკო დიდ ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვდა მას შემდეგ, რაც ის ვლადიმირ პუტინის და რუსეთის სპეცსამსახურების უკანონო საქმიანობაზე ალაპარაკდა, მათ შორის, ჟურნალისტ ანა პოლტიკოვსკაიას მკვლელობაზე.

უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი ყოფილი აგენტი რუსეთის სპეცსამსახურებმა ლონდონში მოკლეს მომაკვდინებელი რადიაციული ნივთიერება პოლონიუმით, რომელიც ლიტვნინენკოს ჩაიში ჩაუსხეს.

ბრიტანეთის გამოძიებამ დაასკვნა, რომ დანაშაულის უკან რუსეთის მთავრობა იდგა და ეს მკვლელობა, „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ.

ბრიტანელი მოსამართლის, რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით.

„ამასთან, დავასკვენი, რომ ბატონი ლიტვინენკოს მოსაკლავად, ფეესბეს ოპერაცია, სავარაუდოდ, ნებადართული იყო ფეესბეს მაშინდელი ხელმძღვანელის, ბატონი პატრუშევის და, ასევე, პრეზიდენტ პუტინის მიერ.” – განაცხადა ოუენმა.

 

ანა პოლიტკოვსკაია

 

2006 წლის 7 ოქტომბერს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, დიდი ალბათობით, ვლადიმირ პუტინის ნებართვით მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაიაც.

ჟურნალისტი აქტიურად და დაუფარავდა ამხელდა პირდად პუტინს და რუს მაღალჩინოსნებს სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის, კორუფციაში, ჩეჩნეთში უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში და წერდა ხელისუფლების დანაშაულზე ბესლანის ტრაგედიის დროს.

მას ეკუთვნის წიგნი სახელწოდებით „პუტინის რუსეთი“, სადაც დეტალურად აღწერს, თუ როგორ იმართება თანამედროვე რუსეთი.

ჟურნალისტს ხშირად ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, თუმცა ის თამამად განაგრძობდა მხილებას, რაც საბოლოოდ, მისი მკვლელობით დასრულდა.

2012 წელს, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ბრალდებით, ეთნიკურად ჩეჩენი 5 მამაკაცი დააკავეს. ცნობილია, რომ მათ მკვლელობისთვის 150 000 აშშ დოლარი გადაუხადეს. დამკვეთის ვინაობა კი, ცხადია, დღემდე არ გამოვლენილა.

 

პოლ ხლებნიკოვი

 

პოლ ხლებნიკოვი კიდევ ერთი ჟურნალისტია, რომელიც ვლადიმირ პუტინს და რუს ოლიგარქებს ამხელდა. ის 2004 წლის 9 ივლისს მოკლეს მას შემდეგ, რაც ოლიგარქების სკანდალური სია და მათი პუტინთან კავშირები გამოაქვეყნა.

ხლებნიკოვი გახლდათ ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა.იგი გახლდათ რუსული „ფორბსის“ რედაქტორი. მოკლეს რედაქციიდან გამოსვლის მომენტში.

 

სერგეი იუშენკოვი

 

პარტია „ლიბერალური რუსეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი იუშენკოვი მოკლეს თავისივე სახლის სადარბაზოს წინ.

მოკლეს 2003 წლის 16 აპრილს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მისი პარტია მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო არჩევნებში.

ის გახლდათ პუტინის აშკარა მოწინააღმდეგე და ერთ-ერთი პირველი კრიტიკოსი. გარდაცვალებამდე იუშენკოვი ღიად მიანიშნებდა რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირზე.

 

ნატალია ესტემიროვა

 

ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დაცვის ჩეჩენი აქტივისტი და ორგანიზაცია Memorial-ის საბჭოს წევრი ნატალია ესტემიროვა 2009 წლის 15 ივლისს, 08:30 საათზე, გროზნოში მდებარე საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

იმ დროისთვის, ესტემიროვა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების „უკიდურესად მწვავე“ შემთხვევებზე მუშაობდა, სადაც რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთებოდა.

ორი თვითმხილველის თქმით, მათ დაინახეს, როგორ ყვიროდა ესტემიროვა გატაცების მომენტში, როდესაც აქტივისტს მანქანაში ძალით ტენიდნენ.

იმავე დღეს მისი ცხედარი თავისა და მკერდის არეში ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით, კავკაზის ფედერალური გზიდან 100 მეტრის მოშორებით, ტყეში იპოვეს.

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ესტემიროვამ მიიღო მუქარის შეტყობინება პუტინის ახლო მოკავშირის, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის სახელით.

 

სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა

 

2009 წლის 19 იანვარს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი მოსკოვში, კრემლის მახლობლად სეირნობდა, როდესაც ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მასთან ერთად, სიცოცხლეს გამოასალმეს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა, რომელიც ადვოკატის დახმარებას ცდილობდა.

მარკელოვი სასამართლოში არაერთ გახმაურებულ საქმეს წარმოადგენდა, სადაც პირადად ვლადიმირ პუტინის ინტერესები იკვეთებოდა, მათ შორის, ის იცავდა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას ინტერესებს.

ბოლოს, ის გახლდათ ჩეჩნეთში მოკლული ახალგაზრდა გოგონას, ელზა კუნგაევას ოჯახის ადვოკატი.

კუნგაევა რუსეთის არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა იური ბუდანოვმა მოკლა. 2003 წელს ბუდანოვს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2009 წლის იანვარში ვადამდე გაათავისუფლეს.

სტანისლავ მარკელოვმა გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს უარი, განეხილა მისი განაცხადი ბუდანოვის გათავისუფლების გაუქმების შესახებ. საჩივრის შეტანიდან რამდენიმე საათში კი, ადვოკატი მოკლეს.

 

დენის ვორონენკოვი

 

რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმის აქტი“, – ასე შეაფასა უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, 2017 წლის 23 მარტს მომხდარი მკვლელობა.

შეიარაღებული თავდასხმისას, მოკლეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი დენის ვორონენკოვი, რომელიც ერთი წლით ადრე უკრაინაში გადასახლდა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას აკრიტიკებდა.

ვორონენკოვის მკვლელობასთან დაკავშირებით, უკრაინის პოლიცია მკვლელობასთან რუსეთის კავშირის ვერსიას განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ალექსანდრ ვაკულენკო აცხადებს.

ვორონენკოვი მოკლეს, როცა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ასევე ყოფილ წევრთან, ოპოზიციონერ ილია პონომარიოვთან შესახვედრად მიდიოდა.

როგორც იუწყებიან, 45 წლის ვორონენკოვს თავდამსხმელმა, სულ ცოტა, რვაჯერ ესროლა. მომხდარი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

ვორონენკოვის მცველმა თავდამსხმელს ესროლა და დაჭრა, რის შემდეგაც იგი მეზობელ ქუჩაზე პოლიციელებმა დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ბორის ნემცოვი

 

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მოკლეს. მას ზურგში ოთხი ტყვია ესროლეს.

მის მკვლელობასთან ვლადიმირ პუტინის კავშირზე, ყველაზე ნათლად, თავად ნემცოვის ინტერვიუ მეტყველებს, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსულმა გამოცემამ, Собеседник-მა გამოაქვეყნა.

„როცა დედას ტელეფონზე ვესაუბრები, მეუბნება: როდის უნდა შეწყვიტო პუტინთან მტრობა? ის შენ მოგკლავს!.. და ამას სრული სერიოზულობით ამბობს…

“არასოდეს დამიფარავს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. მიმაჩნია, რომ სწორედ მან, ვლადიმირ პუტინმა გააჩაღა ომი უკრაინაში. ახლა მისდამი ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, როგორც არასდროს.”

 

სერგეი და იულია სკრიპალები

 

მართალია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ცხადია, კრემლი ამას არ ელოდა. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა 2018 წლის 4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სცადეს.

თავდასხმის შედეგად, ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო, სულ მცირე, 21-მა ადამიანმა.

გამოძიების ინფორმაციით, მამა-შვილი ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

სერგეი სკრიპალი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, რის შემდეგაც, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამსახურში გადავიდა.

მისი მთავარი მოვალეობა სპეცსამსახურისთვის ახალი კადრების მოძიება და შერჩევა იყო. 1995 წლიდან მან ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან საიდუმლო კავშირი დაამყარა.

11 წლის განმავლობაში, ის სწორედ ბრიტანეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. 2004 წელს მას სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი.

სკრიპალმა პატიმრობაში 6 წელი გაატარა. ის 2010 წელს, ვადაზე ადრე, აშშ-სა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ გაათავისუფლეს.

 

იმრან ალიევი

 

2020 წლის 30 იანვარს საფრანგეთში, ქალაქ ლილში მოკლეს რამზან კადიროვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი 44 წლის ბლოგერი იმრან ალიევი, ცნობილი, როგორც „მანსურ მოხუცი“.

როგორც „გარდიანი“ წერს, ალიევი სასტუმროს ნომერში, დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალიევი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, პოლიტიკური მოტივის ნიშნები ახლავს.

 

თუმსო აბდურაჰმანოვი

 

2020 წლის 26 თებერვალს, უცხო პირები თავს დაესხნენ ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენ ბლოგერს, თუმსო აბდურაჰმანოვს.

ბლოგერმა თვდამსხმელის მოგერიება და პოლიციის გამოძახება მოახერხა. მის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს იატაკზე გართხმული მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ ის მოსკოველია და ბლოგერის „დაშინება“ მას ვინმე აბდურაჰმანმა დაავალა, გროზნოდან.

თუმსო აბდურაჰმანოვი 2015 წლის ნოემბერში გაიქცა ჩეჩნეთიდან, სადაც ის ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ურთიერთობასა და სირიაში ბრძოლაში დაადანაშაულეს.

ბლოგერი ამტკიცებდა, რომ არასოდეს ყოფილა სირიაში და პოლიტიკურად მისთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივირებულად მიიჩნევდა.

პრაიმტაიმი

მსგავსი პოსტები

Back to top button