პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი და აქცია თბილისში

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი უნდა დაიწყოს დღეს თბილისში, სასტუმრო ვერე პალასში, რომელიც 7 სექტემბერს დასრულდება.
თბილისში დაგეგმილ ფორუმშ მონაწილეობენ რუსეთის სახელმწიფო არხებისა და ამავე ქვეყნის სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების რეპორტიორები და პოლიტიკური მიმომხილველები, ასევე რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკასთან აფილირებული ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტური დელეგაციები.
პარალელურად სასტუმრო ვერე პალასთან საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო.
აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”. მათი თქმით, ისინი საქართველოში რუსული მიზნების გატარებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები რეაგირებას ითხოვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია.
აღსანიშნავია, რომ 4 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის დელეგაციის სამი წევრი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ მედიაკონფერენციაზე მოდიოდნენ. შსს-ში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ე.წ. “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ კანონის დარღვევაა.
შსს-ს განცხადებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის 1 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარტასის“ სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს.
ვლადიმერ პუტინის საგრანტო ფონდიდან დაფინანსებულ ფორუმს ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი ზოგადად საქართველოში და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცდილობს გამოიყენოს სხვადასხვა ე.წ.რბილი ძალის ინსტრუმენტი, “რაც სიახლე არ არის”. ციხელაშვილის თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად საფრთხეების განეიტრალების მექანიზმებზე მუშაობს.