პუტინის სიკეთე-რუსეთმა აფრიკის ქვეყნების 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოწერა

რუსეთმა აფრიკის ქვეყნებს საერთო ჯამში 23 მილიარდი დოლარი ჩამოუწერა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რუსეთ-აფრიკის სამიტის სხდომაზე.
“რუსეთი ასევე მონაწილეობს აფრიკის ქვეყნების დავალიანების ტვირთის შემსუბუქების მცდელობებში. ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ ჩამოწერილი დავალიანების საერთო ჯამი 23 მილიარდ დოლარს შეადგენს”, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, 2019 წელს სოჭში გამართულ წინა მსგავს სამიტზე 20 მილიარდ დოლარზე მეტი ვალის ჩამოწერაზე იყო ლაპარაკი. ამრიგად, სამ წელიწადში რუსეთმა აფრიკას დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი ვალი აპატია. პუტინმა პირობა დადო, რომ „აფრიკის ქვეყნების უახლესი მოთხოვნის მიხედვით“ რუსეთი მათ 90 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 18 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში კიდევ ერთი მესამედით გაიზარდა. მისი თქმით, აფრიკაში რუსეთის ექსპორტის ნახევარზე მეტი არის „მანქანები და აღჭურვილობა, ქიმიური ნაწარმი და სურსათი“.
ამასთან აფრიკის ლიდერები ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებენ. ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების მიღწევას მისი ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
“მოუთმენლად ველი მარცვლეულის საკითხზე შეთანხმების მიღწევას, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის საჭიროებებსა და ინტერესებს ითვალისწინებს და ბოლოს მოუღებს მარცვლეულის ფასებზე მუდმივ ზრდას,” – აცხადებს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ალ-სისი.
პუტინი კი მარცვლეულზე ფასების ზრდას დასავლური პოლიტიკის შეცდომებს უკავშირებს.
“რა თქმა უნდა, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, გარკვეულწილად ამძაფრებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდას. მაგრამ, ეს არ არის მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი არის ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების ძირითადი შეცდომები ფინანსურ და ენერგეტიკულ პოლიტიკაში. ეს არის მიზეზი, რის გამოც სურსათზე ფასები საბოლოოდ გაიზარდა,” – აცხადებს პუტინი.
პუტინმა ცალკე ისაუბრა მარცვლეულის მიწოდებაზე: 2022 წელს რუსეთმა აფრიკაში გაიტანა 11,5 მილიონი ტონა მარცვლეული, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი თითქმის ათი მილიონი ტონა.