მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“პუტინისტი” მედია და უხსენებელი პუტინი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს “პუტინისტები” უწოდა.

მინისტრი ჟურნალისტების იმ კითხვამ გააღიზიანა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში ვლადიმირ პუტინის არხსენებას ეხება.

მოგვიანებით, ღარიბაშვილმა დააკონკრეტა, რომ მან “პუტინისტები” ტელეკომპანია “ფორმულასა” და “მთავარი არხს” უწოდა.

“რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა…სააკაშვილმა და თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, რომელმაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მიატოვა ომში. ჟურნალისტებს არ ვუწოდებ [პუტინისტებს], მე ვუწოდე “მთავარ არხს” და “ფორმულას” და ნაცმოძრაობას. თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში.” – უთხრა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.

მოისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილის ხმა.

 

იმ დროს, როცა თავდაცვის მინისტრი ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელეარხებს “პუტინისტებს” უწოდებს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის შიდა დაპირისპირება, რომელსაც დღეს ვუყურებთ, გმირების უპატივცემულობაა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, აგვისტოს ომში დაღუპული გმირები საქართველოს ძალაა.

„დღევანდელი დღე არის უაღრესად ტრაგიკული და ამავე დროს, ეს არის იმედის დღე ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოსთვის… ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირებები, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველ დღე გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ, ეს არის მათი უპატივცემულობა, მათი დავიწყება იმიტომ, რომ ისინი დაიხოცნენ სამშობლოსა და ერთიანობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მოისმინეთ სალომე ზურაბიშვილის ხმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს.

როგორც გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, ომის შედეგად, ქვეყანამ ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა, ხოლო 30 ათასი ადამიანი დევნილი გახდა.

კითხვაზე, რატომ არ ახსენა გახარიამ გუშინდელ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერი ასე პასუხობს:

“8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ახლა რაც შეეხება ომის საკითხს, აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად, 20 პროცენტი ოკუპირებულია. ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის, პუტინის დავალებით.

“რაც შეეხება მომავალს, მშვიდობა და მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება.” – ამბობს გახარია.

პრემიერის თქმით, ოკუპაცია ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

“დღეს უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია, ყველაფრის მიუხედავად, პატივი მივაგოთ, ყოველდღე და არა მხოლოდ 8 აგვისტოს, გვახსოვდეს გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%. ჩვენი ვალია, ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწღიოთ ქვეყნის დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მოისმინეთ გიორგი გახარიას ხმა.

აღნიშნული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო მიიჩნევა, ხელისუფლების პირველი პირები გმირების სასაფლაოებზე დღეს, 8 აგვისტოს მივიდნენ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, რუსულ ნარატივად მიიჩნევა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button