პუტინმა ყირიმის ხიდზე თავდასხმას უაზრო და სასტიკი უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს საღამოს შეხვედრა გამართა ტრანსპორტის სამინისტროსა და ყირიმის ხიდის მიმდებარე რეგიონების ხელმძღვანელებთან. მან ყირიმის ხიდზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა და პირობა დადო, რომ რუსეთი მას უპასუხებს. შესაბამის წინადადებებს, როგორც პუტინმა დასძინა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე ამზადებს.
პუტინმა ყირიმის ხიდზე თავდასხმას არა მხოლოდ სასტიკი, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც უაზრო უწოდა და აღნიშნა, რომ ხიდი დიდი ხანია არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა, რომელიც ყირიმის საკითხებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ ხიდის ერთ-ერთი კამარა მთლიანად განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია, მეორე კი დაზიანებულია. საყრდენები თითქმის არ დაზიანებულა. მან პირობა დადო, რომ ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც გამაგრებას მოითხოვს, ორშაბათს შუაღამისას შეკეთდება, რის შემდეგაც სამგზავრო მანქანებისთვის, რევერსულ რეჟიმში, შესაძლებელი იქნება ხიდზე საავტომობილო მოძრაობის დაწყება.
ასევე, მისივე თქმით, ამ მონაკვეთზე დაგეგმილია დროებითი დაახლოებით 250 მეტრის სიგრძის ხიდის აშენება. იმავდროულად, მანქანების მფლობელებს სთავაზობენ ალტერნატიულ მარშრუტს “ახალი რეგიონების” გავლით – მინისტრმა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის რეგიონები იგულისხმა.
რუსეთის მიერ დანიშნული ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა ,თქვა, რომ კრასნოდარის ტერიტორიასა და ყირიმს შორის მოქმედებს საბორნე გადასასვლელი, რომელსაც დღეში 450 მანქანის ტრანსპორტირება შეუძლია.
რუსეთის ინფორმაციით, 17 ივლისს ყირიმის ხიდზე „ორი უკრაინული, წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის” შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი და 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი.
უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინა” წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მათი წყაროს ინფორმაციით, ხიდს „წყალზედა დრონებით“ შეუტიეს და მიუხედავად იმისა, რომ ხიდამდე მიღწევა რთული იყო, ეს შეძლეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა.
“ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელსაც იყენებენ რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღის მიწოდებისთვის, აუცილებლად არის ხანმოკლე… განადგურების მიზეზების მიუხედავად”, – წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.
17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან “კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა”.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, კერძოდ, უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.