მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა საქართველოს და მოლდოვის მოსახლეობას “დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე” მიულოცა

პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობა და არ დაუშვან მეგობარ ერებს შორის უთანხმოების დათესვა"

რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო მედია TASS კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და მოლდოვას მოსახლეობას “დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე” მიულოცა.

“ქართველი და მოლდოველი ხალხისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ხალხებს შორის შუღლის დათესვა”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

TASS-ის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა “დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე” ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებსაც მიულოცა.

ასევე, მან მიულოცა დსთ-ის ქვეყნების ლიდერებს, კერძოდ: აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ისრაელის ლიდერებს.
ამასთან, კრემლის ცნობით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებსაც მიულოცა.

„დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვის წერილები გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ისრაელის ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მილოცვაში უკრაინა არ არის ნახსენები. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასსი” შეახსენებს მკითხველებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, მოლდოვას კი სათავეში “ანტირუსულად განწყობილი ხელმძღვანელობა უდგას”.

“თუმცა, როგორც მოსკოვი უცვლელად უსვამდა ხაზს, ეს არ ნიშნავს ამ ქვეყნების ხალხებთან მეგობრული ურთიერთობების დასრულებას. დიპლომატიური ტრადიცია მოითხოვს სახელმწიფოების მეთაურებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების მილოცვას, თუმცა ბოლო წლებში რუსეთის ლიდერი პირდაპირ მიმართავს იმ ქვეყნების ხალხებს, რომელთა ელიტებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ“, – იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები, ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

9 მაისს საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს – ეს ოფიციალური დღესასწაული და დასვენების დღეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button