მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა შესაძლოა იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთზე თავდასხმისთვის

ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია გამართა მსოფლიო საინფორმაციო გამოცემების 15 მთავარ რედაქტორთან, რომლებიც მასთან მიიწვია პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. პუტინმა ამჯერად პრესკონფერენციაზე მიიწვია დასავლური მედიის წარმომადგენლებიც, როგორიცაა მაგალითად Assocıated Press, Reuters და სხვა ევროპული სააგენტოებიც.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “არამეგობრული ქვეყნების” წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ შეხვედრაში იმიტომ, რომ “მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინის გაცნობა და რუსეთის უშუალოდ გაგება”.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის.

“თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ასეთი იარაღის გაგზავნა საბრძოლო ზონაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები მოხდეს და შეგვექმნას პრობლემები, მაშინ რატომ არ გვაქვს უფლება გავაგზავნოთ ჩვენი იგივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ?” – თქვა პუტინმა.

“კონფლიქტის ზონისთვის იარაღის მიწოდება ყოველთვის ცუდია” – თქვა პუტინმა ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან.

მან გამოყო გერმანია, და თქვა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება პირველი დარტყმა იყო რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებისთვის, მაგრამ რუსეთის შიგნით რაკეტების გამოყენების ნებართვა კიდევ უფრო უარესი.

“ახლა, როცა ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე რაკეტა გამოჩნდება, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყამს. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ანგრევს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს”, – თქვა მან.
მისი თქმით, ამ სიტუაციაში, რუსეთის პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიული.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტში უშუალო მონაწილეობაა. მისივე თქმით, ამავდროულად, კიევში მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნა არის გზა “ძალიან სერიოზული პრობლემებისკენ”. მისი მტკიცებით, ასეთი ქმედებები მთლიანად გაანადგურებს საერთაშორისო ურთიერთობებს და ძირს გამოუთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას. პუტინის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ „რას ეთამაშებიან“, როდესაც საუბრობენ გეგმებზე, ნება დართონ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყას.
პუტინის თქმით, რუსეთი გააუმჯობესებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს შემომავალი რაკეტების განადგურების მიზნით.

ომი უკრაინაში – ღამით აფეთქებებს ხმა ისმოდა ქალაქ ზაპორიჟიაში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავზე კი დრონით მორიგი იერიში განხორციელდა. ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე კი როსტოვის ოლქში ნავთობპროდუქტების ქარხანაში აფეთქებების სერია დაფიქსირდა. მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მორიგი თავდასხმის საფრთხის გამო ვერ მოახერხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button