მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინს არ სურს სხვა ქვეყნების მხრიდან კრიტიკის მოსმენა-შოლცი

რუსეთის პრეზიდენტი G20 სამიტს ქვეყანაში მისი ყოფნის აუცილებლობის გამო არ ესწრება.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუ პუტინი G20-ის სამიტს დაესწრებოდა, თუმცა მას არ სურს სხვა ქვეყნების მხრიდან კრიტიკის მოსმენა.

“კარგი იქნებოდა, თუ პუტინი G20-ის სამიტს დაესწრებოდა, თუმცა მას მოუწევს ყველა კითხვისა და მათ შორის, კრიტიკის მოსმენა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მხრიდან. ალბათ, ამიტომაც არ იქნება ის იქ”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა აზრი შეიცვალოს და G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტოს. ამასთან, გერმანიის კანცლერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ.

თუმცა სხვა მოსაზრება აქვთ რუსეთში, კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბალიში დაგეგმილ G20 სამიტს ქვეყანაში მისი ყოფნის აუცილებლობის გამო არ ესწრება. მისი თქმით, პუტინის ქვეყანაში ყოფნას “გარემოებები მოითხოვს”.

“პრეზიდენტს რაც შეეხება, გარემოებები აჩვენებს პრეზიდენტის რუსეთის ფედერაციაში ყოფნის პრიორიტეტს, ამიტომ გადაწყდა. რომ რუსული მხარე ამ სამიტში მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებდა”, – თქვა მან.

ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად დადასტურებამდე მედიებში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა – გამოცემები თავიდანვე წერდნენ, რომ ვლადიმერ პუტინი სამიტში მონაწილეობას არ მიიღებდა და მის ნაცვლად იქ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა კრემლის ვერსიისგან განსხვავებით, წყაროები სხვა მიზეზს ასახელებდნენ. მაგალითად, Bloomberg აღნიშნავდა, რომ ვლადიმერ პუტინმა სამიტზე დასწრებაზე უარი დასავლელი ლიდერების მხრიდან მოსალოდნელი დაძაბულობის გამო თქვა.

თუმცა სიტუაცია განსხვავებული არ იქნება არც ლავროვისთვის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს G20-ის სამიტზე არ შეხვდება. პრაისის თქმით, ყველამ კარგად ნახა ბალიზე, ივლისის G20-ის მინისტერიალზე, რომ რუსეთი იზოლირებული იყო.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას დაადასტურა, რომ G20-ის სამიტში მონაწილეობას ონლაინ ფორმატში მიიღებს.

“ჩვენ უკვე აქტიურად ვემზადებით უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვირისთვის, დიპლომატიური კვირეულისთვის. G20-ის სამიტი ინდონეზიაში გაიმართება. ჩვენი პოზიცია ძალიან შინაარსიანი სახით იქნება წარმოდგენილი”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, G20-ის სამიტის დროს, უკრაინელები არაერთ კითხვას გასცემენ საჯარო პასუხს, რათა ყველა ადამიანმა და მათ შორის უკრაინის პარტნიორებმა შეძლონ პასუხების მოსმენა.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას დაადასტურა, რომ G20-ის სამიტში მონაწილეობას ონლაინ ფორმატში მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button