მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინს და ,,ჰამასს“ ერთი და იგივე მიზანი აქვთ-აშშ-ის პრეზიდენტი

მაჰმუდ აბასი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, ჩაერიოს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ – მეზობელი დემოკრატიის განადგურება”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. მის ვრცელ წერილს The Washington Post-ი აქვეყნებს.

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ რეგიონული სტაბილურობის ნგრევის შემდეგ, არეულობით ისარგებლებენ.

“ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის – და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ.

„თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერევით, კონფლიქტის რისკი შეიძლება გავრცელდეს და მათი გადაჭრის ხარჯები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სექტორი და დასავლეთის სანაპირო ბოლოს პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს – ისრაელსა და ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის შემდეგ.

“როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით” – ამბობს ბაიდენი 18 ნოემბერს, Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

“არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

გარდა ამისა პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ჩაერიოს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად. ამის შესახებ მაჰმუდ აბასმა მიმართვაში განაცხადა. მან ისრაელის მოქმედებებს ღაზაში პალესტინელთა გენოციდი უწოდა.

„დღეს მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მისი საერთაშორისო პოზიციისა და ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანი გავლენის გამო, ჩაერიოს დაუყოვნებლივ ამ აგრესიის შესაწყვეტად. პრეზიდენტო ბაიდენო, მოგიწოდებთ მთელი თქვენი ოფიციალური და ადამიანური შესაძლებლობებით, შეწყვიტოთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, ეს გენოციდი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ისტორია არავის გაამართლებს ამ დანაშაულებისთვის. მოგიწოდებთ, დახმარება აღმოუჩინოთ ღაზაში, ალყაში მყოფ ჩვენს ხალხს. ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. როგორ შეიძლება, ეს გენოციდი თავდაცვა იყოს?!“ – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button