მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევი ვაშინგტონის კარნახით ირჩევს დარტყმის საშუალებებსაც და სამიზნეებსაც

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი და სხვა დეპარტამენტები კრემლზე უკრაინული დრონების თავდასხმას იძიებენ, სწორედ მათზეა დამოკიდებული სამუშაოს ვადები. მისი თქმით, მომხდარზე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება.

ამასთან, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, სასაცილოდ ჟღერს უკრაინისა და აშშ-ის ხელისუფლებების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მათ არ უკავშირდებათ კრემლზე დრონებით თავდასხმა. პესკოვის თქმით, მოსკოვმა იცის, რომ კიევი ვაშინგტონის კარნახით ირჩევს დარტყმის საშუალებებსაც და სამიზნეებსაც, კრემლის პრესსპიკერის თქმითვე ვაშინგტონს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

“ამის უარყოფის მცდელობები – როგორც კიევში, ასევე ვაშინგტონში – რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებები მსგავს ქმედებებზე, მსგავს ტერაქტებზე, კიევში არ მიიღება, არამედ სახელდობრ, ვაშინგტონში“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ პასუხები შეიძლება, „ძალიან განსხვავებული“ იყოს.
მისი თქმით, „აბსოლუტურად სასაცილოა“, რომ ამას უარყოფენ როგორც ვაშინგტონში, ასევე კიევში.

პესკოვის მტკიცებით, მომხდარის მიუხედავად, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდადაა.

„თქვენ იცით, რომ ასეთ რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში პრეზიდენტი ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. ამიტომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა პესკოვმა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი კი მიიჩნევს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმა ინსცენირება იყო.

2 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კიევი კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. კრემლი მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს და “იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები”.

უკრაინა სავარაუდო თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით “კიევის რეჟიმს” ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან “დროულად” გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი “ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა”. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.

3 მაისს, ფინეთში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას თავად რუსეთის მიერ ინსცენირებულად მიიჩნევს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი თქვა: “კრემლიდან წამოსულ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შევხედავდი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button