მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანელების მტკიცებით სასმელ წყალს ქვეწარმავლები მოყვება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში სასმელ წყალს ქვეწარმავლები მოყვება. ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოაქვეყნა.

რამაზ ჩირიკაშვილის ინფორმაციით, მან ქვეწარმავლები სათავე ნაგებობაში იმ ავზში იპოვა, საიდანაც სოფელი სასმელი წყლით მარაგდება.

,,მთის წყალში, ბასეინში საიდანაც სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება, იქ ვიპოვე დღეს ეს ქვეწარმავლები. ბასეინი არის გასარემონტებელი და ნაგვით სავსე. დაბინძურებული წყლით უამრავი დაავადება ჩნდება, ვითომ მერია ქლორავს წყალს, მაგრამ ქვეწარმავალს ქლორი შველის? მხოლოდ არჩევნებზე მოვაგონდებით, დაგვპირდებიან და მერე დაიკარგებიან. თითქოს 20 ათასი ლარი იყო გამოყოფილი სათავის რემონტისთვის, მაგრამ მილი დაადუღეს და ეგ იყო. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, გზას და რკინიგზას გადავკეტავთ”- განაცხადა ჩირიკაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური სერვისის დირექტორის, ლევან წინწალაშვილის განმარტებით, თანამშრომლები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

” სოფლებში წყალი გეგმიურად იქლორება. ასევეა ბაკურციხეშიც. სათავე ნაგებობა წესით დახურული უნდა იყოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, ვინმემ გადახადა და დატოვა. ჩემი თანამშრომლები ადგილზე წავიდნენ, რომ ნახონ დაზიანებაა რამე, თუ ვინმეს დაუდევრობა- განაცხადა წინწალაშვილი რადიო ჰერეთთან.

გურჯაანის სოფლებში წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციისათვის თანხები რამდენჯერმე გამოიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button