ქადაგიშვილი და კალმახელიძე-მაღალჩინოსნები კახეთიდან რომლებმაც დეკლარაცია დარღვევით შეავსეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირების მიერ, 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა.
ათ თანამდებობის პირს შორის, რომლებმაც დეკლარაცია დარღვევით შეავსეს, კახეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი, კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტიდან, ირაკლი ქადაგიშვილი და კახეთის გუბერნატორის ამჟამინდელი მოადგილე, პლატონ კალმახელიძეც არიან.
” საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ცნობით, ირაკლი ქადაგიშვილი შპს „ჯეოდილის“ 15%-იან წილს ფლობს. დეპუტატს კომპანია 2020 წელს დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, თავისი წილი დროებით მართვის უფლებით, სხვა პირისთვის არ გადაუცია.
რაც შეეხება , პლატონ კალმახელიძეს, ის 50%- იან წილს ორ კომპანიაში, შპს “დი ბი ეს ჯგუფსა” და შპს “პარტნი-2” – ში ფლობს
ინფორმაცია ამის შესახებ, გუბერნატორის მოადგილემ, 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში შეიტანა, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, წილი, დროებით მართვის უფლებით, სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ თანამდებობის პირების კომპანიების აქტიურობის შესახებ, ის ინფორმაციას არ ფლობს.
“გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას”- აცხადებენ ორგანიზაციაში.
რადიო ჰერეთი დღის განმავლობაში ცდილობდა კვლევაში ნახსენებ თანამდებობის პირებთან დაკავშირებას, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
“საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” სულ 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი