მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქალაქ ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ქალაქ ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას ხარკოვის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
სინეგუბოვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ხარკოვის მიმართულებით „ეს-300“-ის ორი რაკეტა გაუშვეს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ შენობას მოხვდა.

4 თებერვალს, რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონის მიმართულებით დაახლოებით 60-ჯერ გაისროლეს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია Telegram-ზე იტყობინება.
„რუსმა ოკუპანტებმა 60-ჯერ შეუტიეს ხერსონის რაიონის დასახლებებს – მათ ისროლეს არტილერია, MLRS, ნაღმმტყორცნები, ტანკები, IFV და ATGM სისტემები. რუსეთის არმიამ ექვსჯერ შეუტია ქალაქ ხერსონს. მტრის ჭურვებმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები. გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა. ხერსონის რაიონში რუსული დაბომბვის შედეგად დაშავდა რეგიონის კიდევ ერთი მცხოვრები“, – ნათქვამია ანგარიშში.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
როგორც პრესსამსახურის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ პრიგოჟინის განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი ცნობის მიუხედავად, ბახმუტში კვლავ გრძელდება სასტიკი ბრძოლები, თითოეული ქუჩისთვის, თითოეული სახლისა და თითოეული კიბის უჯრედისთვის.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები უკან არ იხევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლომდე იბრძვიან“, – აღნიშნავს პრიგოჟინი, რომლის სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობენ ბახმუტის დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლაში.
მანამდე, რუსულმა სამხედრო ტელეგრამ-არხმა „ვაგნერის“ მებრძოლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ უკრაინულმა არმიამ ბახმუტის ჩრდილოეთი უბნები დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ბახმუტთან არსებულ მძიმე მდგომარეობას ადასტურებს უკრაინული მხარე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას რუსეთმა მთელი ძალები გადაისროლა უკრაინის თავდაცვის ხაზის გასარღვევად და ბახმუტის ალყაში მოსაქცევად. ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. ბრიტანული სამხედრო დაზვევრის ცნობით კი, რუსეთის არმის გარკვეული წინსვლის შედეგად, ბახმუტი უკრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება.
ბახმუტი უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთის ძალების სამიზნეს წარმოადგენს.

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ვითარება ლუჰანსკის მიმართულებით დაძაბულია, ოკუპანტები შეტევისთვის ემზადებიან.
“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 წუთში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყება, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა მეთაურს და მებრძოლს ესმის, რა ხდება ფრონტის ხაზზე. ყველა მზადაა საპასუხოდ”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, მტერმა ლუჰანსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა გაზარდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები ყველა შეტევას წარმატებით იგერიებენ.
“ახლა რუსეთის ფედერაციაში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბელოგოროვკას უკვე მტერი აკონტროლებს, თითქოს ხალხი გამოიყვანეს. ჯერ ერთი, არც კი იციან, არის თუ არა და რამდენი არიან. და მეორეც, ჩვენი მებრძოლები პოზიციებზე არიან, ტყვედ არავინ წასულა, იქ მტერი არ არის”, – განაცხადა ჰაიდაიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button