სალხინოს ტაძრის მიმდებარედ კვლავ რჩებიან განკვეთილი სასულიერო პირები

მარტვილში, სალხინოს ტაძრის მიმდებარედ კვლავ რჩებიან განკვეთილი სასულიერო პირები.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.
განყენებული ბერ-მონაზონი მამა ათინოგენი აცხადებს, ისინი არსად წასვლას არ აპირებენ და არც პერმანენტულ, ქუჩის აქციებს გამორიცხავენ.
იგი ასევე მიმართავს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და სთხოვს, რომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რადგან თვლის, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები.
„სახალხო დამცველი ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია აქ ადამიანის უფლება. ეკლესიის ადმინისტრაცია ჩვენ გვებრძვის, რომელიც დაკომპლექტებულია ამ „კაგებეშნიკებით”, „კაზაკებით”, მოგვადგნენ და გამოგვყარეს მონასტრიდან. პოლიცია ჩადგა ჩვენსა და მათ შორის და იცავს იმათ. ჩვენ აქედან არ წავალთ, აქ იქნება ყოველ დღე ასეთი ამბები, ჩვენ იძულებული ვართ გადავიდეთ, ალბათ, ქუჩის აქციებზე. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ვითხოვთ, სიმართლის მოძიებას”, – განაცხადა ბერ-მონაზონმა ათინოგენმა.
მისივე ინფორმაციით, დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი ერთ-ერთი მორჩილის, რომელიც გუშინ განკვეთილ ბერთან ერთად ტაძრის შესასვლელთან დააკავეს, მანამდე პოლიციაში სამართალდამცავებმა ადგილობრივები გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მარტვილში ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.