“ქალთა ოთახი” – ახალი მუნიციპალური სერვისი კახეთში

თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ახალი მუნიციპალური სერვისის “ქალთა ოთახი”-ს შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდება.

“ქალთა ოთახი”ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი ღია სივრცე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს ან წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

“ქალთა ოთახი”-ს საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა. აღნიშნული სერვისი, “Mercy Corps” – ის პროექტის “კავკასიის ალიანსების პროგრამა” ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე დაინერგა და წარმატებით ხორციელდება. აღნიშნულ მემორანდუმს, სამი მხარე, ერთის მხრივ, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, მეორეს მხრივ, “HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის” რეგიონული დირექტორი, ნანა თოფურიძე და პროექტის “MOLI კახეთში” გუნდის ლიდერი, სტეფან იოსი, ასევე “Mercy Corps” – ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ირაკლი ქასრაშვილი და “კავკასიის ალიანსების პროგრამის” გუნდის ლიდერი, ჰელენ ბრადბერი მოაწერენ ხელს. თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს, რომ “გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის და მისი სამოქმედო გეგმის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ეფექტურად იმუშაოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ხელი შეუწყონ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პროექტის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button