ქარიმ ბენზემა ევროპის ჩემპიონატის სტარტს არ გამოტოვებს

საფრანგეთის ნაკრების მესვეურები და ფანები ძალიან ნერვიულობდნენ მადრიდის რეალის ფეხბურთელის, ქარიმ ბენზემას ტრამვის გამო, რომელიც მან ბულგარეთთან ტესტ-მატჩში მიიღო.
ამ თამაშში საფრანგეთმა 3:0 მოიგო, თუმცა გუნდის ლიდერის დაშავებამ ევროპის ჩემპიონატის წინ დიდი თავის ტკივილი გაუჩინა ფრანგ გულშემატკივარს.
სამედიცინო კვლევების გასაჯაროვებამ დაადასტურა, რომ ბენზემას ტრავმა არც ისე სერიოზულია და ის საკონტინენტო პირველობას პირველივე მატჩიდან შეუერთდება.
ქარიმ ბენზემას ეროვნულ ნაკრებში 2015 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. მატიე ვალბუენას შანტაჟში სავარაუდო მონაწილეობის გამო მას გუნდში აღარ იწვევდნენ.
დიდიე დეშამმა ცოტა ხნის წინ ფორვარდის გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ის 6 წლის შემდეგ ნაკრებში გამოიძახა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები გერმანიასთან, უნგრეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.
თავის პირველ შეხვედრას კი დეშამის გუნდი გერმანიასთან 15 ივნისს გამართავს.