მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი

რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადაეცა

საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა დანიგენის დანიშვნას.

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – ეს ცნობა დღეს, 12 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

ამასთან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელი გადასცა.

რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი. მისივე თქმით, ელოდება მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, – აღნიშნა რობინ დანიგენმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

„რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებსა და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგენი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. მანამდე – ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა დროს, რობინ დანიგენი მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შეცვალა წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.

ბოლო პერიოდში დეგნანს ხშირად აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური საკითხისადმი ელჩის დამოკიდებულების გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button