მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა – ძალას ვერ იბრუნებენ!,,-ზურაბიშვილი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია „საქართველო, დადექი“

შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა – სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი.

„შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობაა ერთი მეორესი, ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა რომ ვიღაცები ჩამოიშორონ. გაუგებარი მდგომარეობა მათთვის, ჩვენთვის კი გასაგები. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი. რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, ამიტომ სჭირდებათ გამოაჩინონ ვითომ რაღაც ძალა. ამ ძალის გამოჩენა ნიშნავს ახალ რეპრესიულ კანონებს, ახალ ჯარიმებს, დაპატიმრებებს. ეს მხოლოდ მოჩვენებითია, ამით ძალას ვერ იბრუნებენ! ვერასდროს დაიბრუნებენ! ეს არის მათი ბოლო სტადია. ერთადერთი, რაც დარჩათ არის ის, რომ საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაში არიან, ვერავის შეკრებენ საკუთარი ნებით, სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან. არავინ ხვდებათ და უნდათ შექმნან რაღაც პაროდიები მილანში საკონსულოს გახსნისა, იმისთვის, რომ აჩვენონ ვითომ რაღაც კავშირები გააჩნიათ – არა! არანაირი!

აგერ ევროკავშრის უმაღლესი წარმომადგენელი ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და არც გამოუხედია ამათკენ, ეს არის ამათი რეალური მდგომარეობა, ეს არის სისუსტე, ეს არის ამათი დაშლა, ჩამოშლა“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობა და სადაც ერთობაა, იქ არის თავად და არსად სხვაგან.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი ამბიციაა, ერთობით ეს ქვეყანა გადაარჩინონ.

„დავიწყებ იმით, რომ უნდა მოგილოცოთ, უნდა მოგილოცოთ, რომ შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ვერაფერი ვერ გაუკეთეს პროტესტს. ვერანაირად ვერ დაშალეს. ვერანაირად ვერ შეასუსტეს. შვიდი თვე უწყვეტად გრძელდება პროტესტი და ამ ვითომცდა ძალიან ძლიერმა რეჟიმმა, რომელიც ყოველდღიურად იმუქრება, ვერც დააშინა და ვერც დაშალა. ვერაფერი ვერ გაუკეთა. შვიდი თვეა, გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეთ თქვენ. მინდა, მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთი ციხიდან გვიყურებენ და იმედოვნებენ, რომ ჩვენ, როგორც ვიყავით, დღესაც ასე შეკრულები ვიქნებით და ვიქნებით, ვიდრე ისინი არ გამოვლენ. ესეიგი, ვიდრე რეჟიმი არ ჩამოიშლება. მინდა, მათ ჩვენი თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა გადავცეთ დღეს ყველამ. ეს რადგან არ ეყოთ, შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე, მაგრამ ამანაც ვერავინ ვერ შეაშინა და მათაც გადავცეთ ჩვენ დღეს ჩვენი ყველასი სოლიდარობა. რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა, ვიღაცის ჩამოშორება, რაღაც გაუგებარი წმენდები, კორუფციაზე თემის წამოწევა, რათა კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ, მათთვის სრულიად გაუგებარი მდგომარეობა, მაგრამ ეს არის ჩვენთვის გასაგები, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური დიქტატურის და დიქტატურული რეჟიმების ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება.

ცდილობენ, ერთი მეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვებაა, რომ დღემდე არსებობს, ყველაფრის მიუხედავად, რასაც ცდილობენ ღია და ფარული ხერხებით. ახლა რაღაცნაირად ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. არაუშავს, ესეც არ გამოუვათ, არაფერი გამოუვათ, თუ ჩვენ ვიქნებით ყველანი ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი და ვერავინ ამაში ვერ შეიტანს რამე უთანხმობას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ იმას. გასაგებია, რომ სხვადასხვა აზრი უნდა არსებობდეს, აზრებს შორის იყოს რაღაც დისკუსია, მე თუ მეკითხებით, და ნუ მეკითხებით, ჩემი პოზიცია იმ თუ ამ შემოგდებულ თემაზე რა არის, ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი – სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი. არ უნდა მივცეთ იმათ საშუალება, თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი რაღაცა შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ გავძლებთ კიდევ რამდენიმე დღე, თუ კვირა, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება ლოზუნგით: „დადექი შენს ხალხთან ერთად! დადექი საქართველოსთვის!“. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ საპროტესტო ტალღის ფარგლებში დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას. მათი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, რომელიც არა მხოლოდ ოპოზიციური ლიდერების, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა დაპატიმრებებსაც მოიცავს.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრები, მხარდამჭერებთან ერთად, მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე აქციას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მნიშვნელოვანია, „ქართულ ოცნებას“ აჩვენონ, რომ ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად არ შეწყდება და ერთიანობით, აქტიურობით გამარჯვებას მიაღწევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button