საქართველოსიახლეები

“ქართული “დოლბანდის” პირბადეები ქსელურ აფთიაქებში შევიდა”

“კარგი ამბით მინდა დავიწყო, დღეიდან ქსელურ აფთიაქებში შესაძლებელი იქნება მრავალჯერადი პირბადეების შეძენა, რომელიც “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში შეიკერა” – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 400 000 პირბადე ქსელში უკვე შევიდა და არაუგვიანეს შაბათისა, მოქალაქეებისთვის ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც მინისტრი ამბობს, სამკერვალო ფაბრიკას პირბადეების შეკერვა ერთ ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ხელისუფლება მას სუბსიდირებას გაუკეთებს, რათა ღირებულება 50 თეთრი იყოს და ყველას ჰქონდეს შესყიდვის საშუალება. აფთიაქები ამ პროექტს სოციალურ პროექტად მიიჩნევენ და კომპანიების გადაწყვეტილებით, პირბადეებზე ფასნამატს არ აკეთებენ.

სავარაუდოდ, პირბადეების შესყიდვა ლიმიტირებული იქნება, თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ერთ პირს რამდენი პირბადის შეძენა შეეძლება. ისინი მრავალჯერადია და ირეცხება.

“შეცდომების თავიდან ასაცილებლად დავაზუსტებ, რომ პარალელურად, აფთიაქებში გაიყიდება სხვა კომერციული ან იმპორტული პირბადეებიც, რომელიც შეიძლება სხვა ფასის იყო. სუბსიდირებული იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ “დოლბანდის” პირბადეები, რომელიც 50 თეთრიანი იქნება და ასევე შეგიძლიათ მოიკითხოთ” – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button