მნიშვნელოვანისაქართველო

ქართული EURONEWS-ისთვის თვეში 1 მილიონი ევრო დაიხარჯება

საქართველოში ევრონიუსის ქართულენოვანი მაუწყებლობისთვის ყოველთვიურად 1 მილიონი ევრო დაიხარჯება, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” შეკითხვას, “ევრონიუსის” წარმომადგენლობამ უპასუხა, რომელსაც ქართულ მხარეს კომპანია ,,სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი წარმოადგენს. მისი თქმით,ქართულენოვანი ოფისისთვის დაახლოებით 50 ადამიანი იმუშავებს, მთლიანი ყოველთვიური ხარჯი კი 1 მილიონ ევრომდე იქნება.

რამიშვილი აცხადებს, რომ ახალი საინფორმაციო არხი – Euronews Georgia იქნება მაღალი მედიასტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი, რომლის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან. Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის მაისში ან ყველაზე გვიან ოქტომბერში დაიწყებს.

ევრონიუსმა და სილქნეტმა დღეს ერთობლივი მიღება გამართეს, სადაც დაფუძნებულად გამოაცხადეს ქართულენოვანი სამსახურის შექმნა. პრეზენტაციაზე ხელი მოეწერა სილქნეტსა და ევრონიუსს შორის შეთანხმებას.

საზეიმო მიღებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დილომატიური კორპუსის, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ზურაბიშვილის თქმით, „ევრონიუსი საქართველოს“ შექმნის აზრი საქართველოს პრეზიდენტს 6 თვის წინ, პარიზში ,,ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელიც შემდეგ უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარა.

,,ჩვენ ვხდებით ამ დიდი მედიაოჯახის წევრი. ეს აზრი სულ რაღაც ექვსი თვის წინ გაჩნდა და დღეს უკვე განხორციელებულია. ეს არის ამ ქვეყნის ენერგია, რომ ასეთი საქმეების კეთება ასეთ მოკლე დროში შეგვიძლია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.მისი თქმით, ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნება ძალიან დიდი წინსვლაა საქართველოსათვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია.,,ჩვენ ,,ევრონიუსიდან“ მივიღებთ არა მხოლოდ პროგრამებს არამედ ევროპულ სტანდარტებს, რაც ყველაზე უფრო გვჭირდება ქართულ მედიასივრცეში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არხის დაფუძნებით ევროპული პროფესიონალიზმი, ინფორმაციის მიმართ ევროპული მიუკერძოებლობა და ევროპული სიმტკიცე შემოვა. იმავდროულად, ,,ევრონიუსის“ საშუალებით საქართველოს და მისი კულტურის შესახებ მომზადებული პროგრამები გატანილი იქნება ევროპაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მაიკლ პიტერსმა, “ევრონიუსის” აღმასრულებელმა დირექტორმა კი განაცხადა, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. “მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას ევრონიუს საქართველოს დაარსების შესახებ. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ჩვენს პარტნიორ სილქნეტს, ახალი სატელევიზიო არხის შექმნაში, რომელიც გააშუქებს არამარტო საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ახალ ამბებს. ევრონიუს საქართველო იქნება დამოუკიდებელი არხი, რომელიც წარუდგენს მაყურებელს მიუკერძოებელ ინფორმაციას და გააშუქებს ყველა ხედვას, ევრონიუსის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და უზრუნველვყოფთ ყველანაირი სახის გარანტიას ამის აღსრულებისთვის.”


როგორც მიღებაზე ითქვა, ევრონიუსის მაუწყებლობა სარგებლობს უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული მიუკერძოებელი საინფორმაციო მედიის სოლიდური რეპუტაციით. მისი “All Views“ სარედაქციო პოლიტიკა განსაზღვრავს ევრონიუსის, როგორც სანდო და დამოუკიდებელი მედიის, საყოველთაო აღიარებას. სილქნეტის სახით ევრონიუსმა შეიძინა საიმედო პარტნიორი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვას და გამყარებას. თავის მხრივ, ევრონიუსი უზრუნველყოფს ქართული არხის მაუწყებლობის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს რა ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები).

ახალი არხისთვის თანამშრომლების შერჩევა უახლოეს მომავალში დაიწყება.”ევრონიუს საქართველოს”  სტრატეგიულ მედია-კონსულტანტად დაინიშნა  წარსულში ევრონიუსის სარედაქციო დირექტორი ლუსიან სარბი, რომელიც ადგილობრივ გუნდს სატელევიზიო არხის გამართვაში დაეხმარება.

Euronews-ი 1993 წლიდან მაუწყებლობს. მისი სათაო ოფისი საფრანგეთში,ლიონშია.სატელევიზო კომპანია 13 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის უკრაინულ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, ინგლისური, ფრანგულ და სხვა.2015 წლიდან Euronews-ის აქციების 53%-ს ფლობს კომპანია Media Globe Networks, რომლის დამფუძნებელიც ეგვიპტელი მილიარდერი ნაგიბ სავირისია. Euronews-ი კონტინენტური ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად აწვდის ინფორმაციას თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button