მნიშვნელოვანისაქართველო

ქართული ჯარი 27 წლისაა

ქართული ჯარი 27 წლისაა. საზეიმო ღონისძიებები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს იუბილე ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, პროფესიული დღესასწაული მიულოცეს ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღის აღსანიშნავად, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება, რომელსაც აკვირდებოდა 31-ე ბატალიონის და ბაგრამის საავიაციო ბაზის სარდლობა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიას ბაგრამის ბაზაზე ასრულებს ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 27-ე წლისთავი სამხედროებს ვაზიანის ბაზაზე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ვაზიანის ბაზაზე წარმოდგენილი იყო პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან დაიწყებს მასშტაბურ წვრთნებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 27-ე წლისთავის აღსანიშნავად ვაზიანის ბაზაზე გამოფინეს „ჯაველინის“ ტიპის ამერიკული, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები. საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button