მნიშვნელოვანისაქართველო

“ქართული მარშის” წევრებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა „ქართული მარშის“ ექვს წარმომადგენელს, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან 19 მარტს მომხდარი დაპირისპირების გამო. მათ ბრალად ედებათ ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობა, ცემა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება.

პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორის, ლევან კოპალიანის განცხადებით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებული პირების მიმალვის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. დაცვის მხარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

19 მარტს, „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, დავით ერაძეს და დააზიანეს ტელეკომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის ავტომანქანა. „ქართული მარში“ აპროტესტებდა გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობას იესო ქრისტეს შესახებ. მასალა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან ხეების გადარგვას ეხებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button