მნიშვნელოვანიმოზაიკა

ქართული „ომერტას“ სისხლიანი ნაკვალევი – ბლოგი

 

მთავარი პრობლემა მაინც, გაუთქმელობის დაუწერელი ფიცი მგონია.

სისასტიკე მოზარდებში არც ერთი ქვეყნისთვის ყოფილა უცხო, მაგრამ საზარელი დანაშაულის თვითმხილველი მოსწავლეები მკვლელს ხელს რომ აფარებენ, ან ინციდენტის დროს პოლიციას რომ არ უკავშირდებიან, ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ მენტალურ ტრაგედიად, რომელიც მსგავსი სისასტიკის სისტემატიურად გამეორებას არ გამორიცხავს.

ე.წ. „ომერტას“, სხვა არაერთ ქვეყანაში ჰქონდა დასაყრდენი. თავის დროზე, სწორედ მან განაპირობა სიცილიური მაფიის აღორძინება. ქართული „ომერტა“ კი, კომუნისტების მმართველობის დროს აღზევებული „ქურდული სამყაროს“ შემოქმედებაა. საბჭოთა მილიციელი არ სარგებლობდა საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით. შესაბამისად, „ავტორიტეტის“ ვაკანსია ნაწილობრივ, „ქურდებმა“ შეავსეს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში თითოეული მოქალაქის ტოტალური კონტროლი მიმდინარეობდა, ქუჩური გარჩევების რომანტიზმი და „ჩამშვების“ რეპუტაციისადმი შიში იმდროინდელი სკოლის მოსწავლეების ცხოვრების წესს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა. ჯგუფური საქმის გარჩევები, საჭირო დროს „ქურდთან ასვლები“, ერთი უბნის მეორე უბანზე გადამტერებები და „ბელკადანიანი“ ტიპების ყოყლოჩინობები, ქალაქის თუ სოფლის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო. სკოლა ახალი დამთავრებული მექნებოდა, როცა ბათუმის ერთ-ერთ სასწავლებელში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 11-12 წლის ბავშვებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს თანაკლასელი და ლინჩის წესით „გასამართლებული“, სკოლის შენობაშივე ჩაქოლეს.

90-იანი წლების ქაოსს აღარ გავიხსენებ. მაშინ ხომ არა უბრალოდ „ავტორიტეტებად“, არამედ ქვეყნის მმართველებად, ოფიციალურად მოგვევლინენ თოფიანი კაცები. შესაბამისად, მოზარდთა დიდი ნაწილის ოცნებას, რომელიმე შეიარაღებულ „საძმოში“ გაერთიანება და რომელიმე ფულიანი ბიძის დაუთოვება წარმოადგენდა.

ბოლოს, თითქოს, დაიწრიტა ეს სამარცხვინო ლექი. დაღვინდა საზოგადოება. ქურდობა და ყაჩაღობა აღარ ითვლებოდა მოზარდისათვის სანატრელ, პრესტიჟულ პროფესიად. „ძველბიჭობა“, შეიძლება ითქვას, მოდიდან გადავარდა. მაგრამ მექანიზმმა, რომელიც ქურდული სამყაროს და მასთან დაკავშირებული მანკიერებების აღმოსაფხვრელად ამოქმედდა, სრულიად უდანაშაულო ადამიანებიც შეიწირა. „ნულოვანი ტოლერანტობა“ განურჩევლად სცელავდა თეთრსაც და შავსაც, ყველას, ვის მიმართაც სამართალდამცავებს მეტნაკლები ეჭვი გაუჩნდებოდათ. ძალოვანი უწყებების ავტორიტეტის განმტკიცებისთვის, ხელისუფლება პოლიციის, პროკურატურის თუ უშიშროების სამსახურების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიჩქმალვა-გაყალბებას შეუდგა. „ქურდები“ დამარცხდნენ, მაგრამ სახელმწიფო თავად გახდა მოძალადე.

ერთი უბედურებიდან მეორეში გადავვარდით. ახალგაზრდა თაობა თავისივე თანატოლების დანას არა, მაგრამ პოლიციელის ნასროლ ტყვიას, წამებას, წვრილმანი ხულიგნობისთვის მისჯილ მრავალწლიან პატიმრობას და ციხეებში სადისტურ მოპყრობას ეწირებოდა. მართალია, „ჩამშვების“ რეპუტაცია ჯერ კიდევ სათაკილოდ ითვლებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ – დეკლარირებულად. რეალურად კი, პოლიციასთან მოთანამშრომლე „ნასედკების“ არმია დაირაზმა, რომლებმაც დამნაშავეების მხილებასთან ერთად, ბევრი უდანაშაულო თანაუბნელიც „გააფუჭეს“ და ციხეში გაისტუმრეს. მუდმივმა თვალთვალმა, ტოტალურმა მოსმენებმა, სისტემურმა ძალადობამ და აღვირახსნილმა ტერორმა, განაპირობა კიდეც საზოგადოების უდიდესი ნაწილის კონსოლიდაცია მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და საბოლოოდ, მისი გადარჩევა მოხდა.

ხელისუფლების შეცვლამ, მოძალადე სისტემა კი დაანგრია, მაგრამ როგორც ვხედავთ, მის ნგრევას, კარგად მივიწყებული ძველბიჭური ტრადიციების ხელახლა გამოღვიძება მოჰყვა. 51-ე სკოლაში დატრიალებული ტრაგედია ამის უტყუარი ნიშანია. როგორც პროკურატურა გვეუბნება, სკოლის საპირფარეშოში უფროსკლასელმა ბიჭებმა მეცხრეკლასელს პნევმატური იარაღი მიუშვირეს. ამას მოზარდებს შორის კონფლიქტი მოჰყვა, რაც სკოლის გარეთ გაგრძელდა და საბოლოოდ, ორი არასრულწლოვნის სადისტური მკვლელობით დასრულდა. გესმით? პნევმატური იარაღი სკოლაში, თანატოლების მოსაკლავად გამზადებული დანები, ერთმანეთს სამკვდროდ გადაკიდებული ათობით მოსწავლე… მსგავსი უბედურებები ხომ ათწლეულების წინ გადავიტანეთ! აღარ დასრულდა?!!

ალბათ, არ არსებობს ზუსტი რეცეპტი, თუ სად უნდა გაივლოს ზღვარი უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვასა და დანაშაულებრივი აზროვნების პრევენციას შორის. ვდგავართ ასე, სცილასა და ქარიბდას შორის და ვერ გვიპოვნია ოქროს შუალედი, რომელიც ნორმალური სახელმწიფოს შემოქმედ, ნორმალურ თაობას გაგვაზრდევინებს. რაც თავი მახსოვს, დაუსრულებლად ვსაუბრობთ სკოლის, ოჯახის და საზოგადოების როლზე მოზარდის აღზრდის საქმეში; ვსაუბრობთ სკოლაში ფსიქოლოგის თუ მანდატურის ინსტიტუტების მნიშვნელობაზე, შესაბამის სახელმძღვანელოებზე და უამრავ ღონისძიებაზე, რომელმაც თანამედროვე, ფსიქიკურად გაწონასწორებული, ჰუმანური პიროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.

მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ იმ ნაკლზე, რომელიც მეტნაკლებად, თითოეულ ჩვენგანს გვახასიათებს; კომპლექსზე, რომ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ უწყებებთან, დაუყოვნებლივ ვრეაგირებდეთ ნებისმიერ სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებაზე; დავარწმუნოთ ჩვენი შვილები, რომ პოლიციასთან თანამშრომლობა სათაკილო არაა; რომ მათი თანატოლების ბავშვური მამლაყინწობის მიღმა, შესაძლოა, ერთმანეთის დასაკლავად ალესილი დანები იმალებოდეს; ავუხსნათ მათ, რომ არაფერია ამქვეყნად ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი და თუ ყმაწვილური კინკლაობა სისხლიან მკვლელობაში გადაიზრდება, მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევთ პასუხისმგებლობის უმძიმესი ტვირთის ტარება, რადგან ერთ სატელეფონო ზარს შეეძლო, საშინელი ტრაგედია თავიდან აეცილებინა.

სათქმელად რა ადვილია, რომ პოლიციაფობიაც უნდა დავამარცხოთ და სამართალდამცავთა ძალმომრეობაც არ უნდა დავუშვათ. გასაკეთებლად, ძალიან ძნელი აღმოჩნდა. მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, საკუთარ თავს უნდა მოვერიოთ. ვიდრე ჩვენ ვმსჯელობთ, ბავშვები იღუპებიან.

 

მერაბ მერკვილაძე

რადიო თბილისის პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მსგავსი პოსტები

Back to top button