მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ცდილობს გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე,,- პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს ივანიშვილს

ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე – მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ზეწოლა უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, რათა ახალი არჩვენები დანიშნოს. მისივე თქმით, ამისთვის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია.

„დღეს კოორდინაციის ფორმატში შეკრებილნი ვართ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობოები, საზოგადოების წარმომადგენლები, პროტესტის ორგანიზატორები თუ მონაწილეები, რათა გადავხედოთ, დღეს სად ვართ. ვართ ნამდვილად ახალ ეტაპზე მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირ-მა დადო საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ. ჩვენ, ყველამ, აქ მყოფმა და საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად იცის, რა მოხდა არჩევნების დროს, როგორ, რა მეთოდებით გაყალბდა. ასე რომ, არაფრის დამტკიცება არავის აღარ სჭირდებოდა. ასევე ყველამ ვიცით, რომ ეს საბოლოო დასკვნა არის მნიშვნელოვანი, რათა ჩვენმა უცხო პარტნიორებმა, რომლებიც ელოდებოდნენ ამ დასკვნას, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ. სამწუხაროდ, ბატონი კობახიძისთვის არაფერს არ ცვლის, ორ წუთში გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან კარგია ეს დასკვნა და ჩვენ გვაძლევს ლეგიტიმაციას, ეს არის მისი სიტყვები. ჯერ არ ვართ ჩვენ საბჭოთა რეჟიმში და სისტემაში, რომ მისი ნათქვამი ყველამ დაიჯეროს და ვერავინ ვერ გაიგოს, სად არის სიმართლე.

სიმართლე არის სულ სხვა. ეს დასკვნა არის ძალიან სერიოზული და ასახავს ყველა იმ დარღვევებს, იმ გაყალბების ფორმებს და მეთოდებს, რაც ჩვენ, ყველამ მანამდე აღვნიშნეთ. დასკვნა ამას ადასტურებს ძალიან ფორმალურად. ეს თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტი, რომ ეუთო არ იძლევა პოლიტიკურ საბოლოო შეფასებას, ესეც არის მისი პასუხისმგებლობის და მანდატის ფარგლებში, რამეთუ ამ ორგანიზაციას არ აქვს ეს მანდატი, დადოს პოლიტიკური დასკვნა და შეფასება. ის, რაც დადო არის სრულიად საკმარისი, რათა ტექნიკურად შეფასდეს ეს არჩევნები, როგორც არჩევნები, რომელზეც მათი პრესრელიზი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესზე იქონია ნეგატიური შედეგი, ასევე ნეგატიური შედეგი იქონია საზოგადოებრივ ნდობაზე და კანონმდებლობა, რომელიც წინასწარ იყო მიღებული, იქონია ძალიან ნეგატიური გავლენა მთავარ უფლებებზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. იმედი მაქვს, ყველამ წაიკითხა დეტალურად, რადგან საზოგადოებამ უნდა წაიკითხოს ეს დასკვნა. ეს არის საფუძველი, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ პირობებში არ შეიძლება, იყოს სხვა პოლიტიკური, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ეს არის ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც გაუვლია კრიზისი. ყველამ ძალიან კარგად იცის, არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, გამოხვიდე კრიზისიდან, როცა ნდობა არ არსებობს არჩევნების, ხელისუფლების, როცა ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე, რათა საკუთარი ადგილი გაამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების გზა.

ჩვენ დავსახეთ, მე ვიტყოდი, შეტევის სტრატეგია ყველა მიმართულებით, ეს იქნება ჩვენი უცხოელ პარტნიორებთან თუ შიგნით სამართლებრივად, რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზით. ეს არის სიახლე ამ ეუთო-ს დასკვნის შემდეგ, რომ აქ დიდი დრო აღარ არის, მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნება“ თვითონ არის გადასული ძალიან აჩქარებულ ტემპზე. ახალი კანონების მიღებას ცდილობს, რათა ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ უნდა ყველანაირი ზეწოლა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან, ვაიძულოთ ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ ჩამოიშალოს მთლიანად მისი სისტემა და ვიდრე ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია. ამას არ სჭირდება ბევრი ბჭობა. პირადად მე, მზად ვარ, როცა უნდა შევხვდე. მე ვიცი, გარედან ძალიან ბევრი იქნება მზად, ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ. ამისთვის მე ასევე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, ცხრა საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ჩვენ, ყველანი ერთად, არამხოლოდ ვინც აქ არის და ვინც მუშაობს უშუალოდ ამ საკითხებზე, არამედ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამდენი დღეა, მართავენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას პროტესტს და რომლებმაც გაიტანეს ეს პროტესტი საზღვრების გარეთ, მათთან ერთად კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, არჩევნების გარეშე არაფერი არ იქნება. ეს არის მთლიანად, მთელი ქვეყნის მოთხოვნა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ვიქნებით კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ ყოველდღიურად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button