მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული ოცნება ადმინისტრაციულ პატიმრობას აქტივისტების დასჯის ინსტრუმენტად იყენებს-SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 2025 წლის 30 მაისს, აქტივისტებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევებს და მიიჩნევს, რომ აქტივისტებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის, ყველაზე მძიმე სანქციის დაკისრება მათ სამაგალითო და საჩვენებელ დასჯას ისახავს მიზნად.
არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.

SJC-ის შეფასებით, აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.
“საქმე ეხება 17 მაისს, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს, სადაც ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი, მარიამ ლაშხი თანხმლებ პირებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მითითებულ დღეს, აქტივისტები, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მარიამ ლაშხის უშუალო სიახლოვეს და მის მიმართ, გამოხატავდნენ თავის პოზიციას ფრაზებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს”. აღნიშნულ სცენას შემთხვევით შეესწრო მოქალაქე ლიკა ლორთქიფანიძე, რომელმაც ქართული ოცნების დეპუტატის მისამართით ასევე გამოხატა თავისი პოზიცია სიტყვებით “ძირს რუსეთის მონები, “ქოცი” მონები”.

აქტივისტ თათია აფრიამაშვილს მოსამართლე დავით თეთრაულმა, ხოლო ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, 12-12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება მაგდა მამუკაშვილს, მას სასამართლომ 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მას 12 წელს მიუღწეველი შვილი ჰყავს, რაც მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას გამორიცხავს.

30 მაისს, აქტივისტი ქალებისთვის მძიმე ადმინისტრაციული სანქციის დაკისრებით, ადმინისტრაციული სახდელების დაუსაბუთებელი შეფარდების პრაქტიკა არ ამოწურულა. დღესვე, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ზამთრის აქციების კონტექსტში დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს. ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ანი ქავთარაძეს, იმავე მოსამართლემ 5000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. განსახილველ საქმეში, სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად მიჩნეულმა პირებმა, სისხლის სამართლის საქმის მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელის, მირიან ქავთარაძეს მიმართეს სიტყვებით “მონა” და “ქავთარაძეების გვარის სირცხვილი”.

“აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. განსხვავებით სხვა ინდივიდებისგან, პოლიტიკოსი გარდაუვლად და გაცნობიერებულად აქცევს საკუთარ თავს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რის გამოც მას თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვს.

ქართული ოცნება აგრძელებს საპროტესტო აქციების მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის, ყველაზე მძიმე – პატიმრობის სანქციის გამოყენებით, რაც პროტესტის კრიმინალიზებას ემსახურება. მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება ცენზურის დაკანონებაა, რაც საბოლოო ჯამში, აქტივისტების დაშინებასა და პროტესტის დათრგუნვას ემსახურება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე ორი ახალგაზრდა ქალი პატიმრობაში გაუშვეს

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როცა სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია „მოძალადეებზე, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ.

„მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა.

ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა – მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ.

ეს არის “ოცნების” დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button