„ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 მანდატი, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
ამ დროის ინფორმაციით, 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 100 უბანი.
რაც შეეხება მანდატების გადანაწილების წესს, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე უნდა გამრავლდეს და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოს, რომლებმაც არჩევნებში ხმების 5% მიიღო. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები იღებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის 3100 (99.646%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” ხმათა 54,086% აქვს (1 117 480 ხმა).
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს:
“კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა” – 10.923% (225 680 ხმა);
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10.122% (209 137 ხმა);
“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” – 8.781% (181 424 ხმა);
“გახარია საქართველოსთვის” – 7.761% (160 354 ხმა).